შეერთებული შტატების უზენასმა სასამართლომ უარყო ტეხასის შტატის გენერალური პროკურორის სარჩელი, რომლითაც 4 შტატის არჩევნების შედეგების გაბათილება იყო მოთხოვნილი.
მანამდე უზენაეს სასამართლოს 17 შტატის გენერალურმა პროკურორმა მიმართა და აცნობა, რომ ისინიც უჭერდნენ მხარს ტეხასის შტატის სარჩელს.
ტეხასის შტატის სარჩელი ჯორჯიის, მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსის შტატების არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა. ყველა ამ შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
სარჩელს მხარს უჭერდა კონგრესის 106 რესპუბლიკელი წევრი.
მოსარჩელეები უზენაეს სასამართლოს ასევე სთხოვდნენ, გადადებულიყო საარჩევნო კოლეგიის შეხვედრა, სადაც ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს ჯო ბაიდენის გამარჯვება.
საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს.
ტეხასის შტატის გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ აღნიშნული 4 შტატის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემია საბაბად გამოიყენა, რათა უკანონოდ შეეცვლათ კენჭისყრის პროცედურები.
მოკლე განმარტებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოქვეყნა, ნათქვამია, რომ ტეხასის შტატს ამგვარი საქმის წამოსაწყებად უფლებამოსილება არ გააჩნია.
შეგახსენებთ, 8 დეკემბერს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო რესპუბლიკელთა სარჩელი პენსილვანიის შტატში მილიონობით ხმების გაუქმების მოთხოვნით.
დონალდ ტრამპი 3 ნოემბრიდან აცხადებს, რომ დემოკრატებმა "მოპარეს არჩევნებში გამარჯვება" მასიური გაყალბების გზით. ამასთან, დღემდე არც ტრამპს და არც მის ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ გაყალბების დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ტრამპის გუნდის მიერ შეტანილი ათობით სარჩელი უარყოფილ იქნა სხვადასხვა შტატის სასამართლოებში. გასულ კვირას აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ აღმოაჩინა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.