ENG / RUS       12+

საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია - ფილიპ ბრიდლოვი

რესპოდენტის შესახებ

აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი (გადამდგარი) და ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლოვი

აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი (გადამდგარი) და ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლოვი

დიდი სამხედრო ძალა პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი გენერალი (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლოვი აგვისტოს ომს. ამჟამად ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.​

ის რუსეთის მიერ, ეგრეთწოდებული, „ჯიბის ვეტოს“ გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რაც დასავლეთმა მას სთხოვა და ნატოს ავღანეთის მისიისთვის იმდენი არავის გაუღია, რამდენიც საქართველომ. გენერალი აცხადებს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის ალიანსის წევრობისთვის უკვე დიდი ხანია მზადაა. გენერალ ბრიდლოვს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

გენერალო დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ.

მიხარია თქვენი ისევ ნახვა. ჩემს ქართველ მეგობრებზე ყოველთვის სიამოვნებით ვსაუბრობ.

ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო კვირაა საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 12 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა და იქ საკუთარი ბაზები განალაგა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. თქვენი აზრით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესი ამ ომით რუსეთმა?

მოდით დიდ გეოპოლიტიკურ სურათზე ვიფიქროთ. ჩვენ ჯერ ისევ ცივი ომის შემდგომ პერიოდში ვიყავით და დასავლეთმა დათვთან ჩახუტება სცადა. მე ამას რბილად ვამბობ და დასავლეთში ბევრს ამის მოსმენა არ მოსწონს . ჩვენ ვცდილობდით რუსეთი მოგვეზიდა იმისთვის, რომ ის დასავლეთის ნაწილი ყოფილიყო, დასავლური ღირებულებები გაეზიარებინა. ვცდილობდით რუსული ეკონომიკა ჩვენს ეკონომიკებში გაგვეერთიანებინა და ამ დროს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ზოგიერთმა დასავლეთში მაშინ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება რუსეთთან ეს მიდგომა არ იყო სწორი. ასევე დაიწყო საინტერესო დისკუსია სხვა მხრივ, რომ ეს რუსეთის ქცევაში გამონაკლისი იყო, რომ ეს პატარა მოვლენა იყო. სხვები კი რეალობას ხედავდნენ . მოგვიანებით, 2014 წელს, ყველამ დაინახა, რომ ეს მანამდე დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.

გეტყვით რა მოხდა და ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა - დიდმა სამხედრო ძალამ საკუთარი შეიარაღებული ძალები გამოიყენა იმისთვის, რომ ევრაზიაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები შეეცვალა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ქვეყნის საზღვარი და მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ეს ფუნდამენტური გარდატეხა იყო. სამწუხაროდ ბევრმა ვერ დაინახა რა მოხდა საქართველოში და რეალურად რა იყოს რუსეთის ზრახვები მანამ, სანამ რუსეთმა ყირიმსა და დონბასში საერთაშორისო საზღვრები ჯარით კიდევ ერთხელ არ გადაკვეთა.

თქვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით, რომელიც ისეთ დეტალებს უკავშირდება, როგორიცაა ვინ გაისროლა პირველმა, ვინ დაიწყო ომი. ამ კითხვებს კრემლი დიდი წარმატებით იყენებს, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან. თქვენ რას ფიქრობთ არგუმენტზე, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა საქართველოს მოქმედებებს უკავშრდება და ომი სწორედ ამიტომ დაიწყო?

ვფიქრობ ამაზე დავას ხალხი სამუდამოდ გააგრძელებს. ვერ ვიტყვი, რომ მაქვს ახალი ფაქტები და ახალი მოსაზრებები იმაზე თუ რა მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ დიდმა სამხედრო ძალამ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი გადაკვეთა, პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და დღემდე იქ რჩება. ამ ფაქტების უარყოფა შუძლებელია.

კითხვა რომელიც ამ თემაზე ხშირად ისმის ისაა შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. ამ თემაზე თქვენი მოსაზრება საინტერესოა. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთს გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან საქართველომ ცხინვალის რეგიონში ხალხი დახოცა და რომრუსეთი იძულებული გახდა საქართველოში სისხლისღვრა ძალის გამოყენებით შეეჩერებინა. ამ ლოგიკით, აგვისტოს ომი გარდაუვალი არ იყო. თქვენი აზრით, შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?

რუსეთს არაფრის გაკეთება არ სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პერსონალური შეხედულებაა. მე რუსეთს ბერლინის კედლის დანგრევიდან ვაკვირდები. ყოვლთვის, როცა რუსეთის მეზობელი ქვეყნები ფიქრობენ დასავლეთთან დაახლოებას, საკუთარი ეკონომიკების დასავლეთთან შერწყმას, დასავლური სამხედრო შესაძლებლობების შემუშავებას და ამბობენ, რომ ნატოში ან ევროკავშირში სურთ გაწევრიანება, რუსეთი ერთ ბერკეტს იყენებს. ჩვენ ამას ხშირად “რუსეთის ვეტოს” ვუწოდებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში იჭრება და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას ახდენს. ზოგიერთი ამას რუსეთის “ჯიბის ვეტოსაც” უწოდებს. მე ამ ტერმინს არ ვიყენებ. რუსეთს საქართველოს დასავლეთის ნაწილად ქცევის პრევენცია სჭირდებოდა.რუსეთს სჭირდებოდა უკრაინის დასავლეთისკენ სვლის შეჩერება და აი, ეს მოხდა.

თქვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი ხართ უკვე დიდი ხანია. იმაზე დაყრდნობით რაც ახლა თქვით, რომ რუსეთმა დე-ფაქტო ვეტო გამოიყენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად, მინდა თქვენი აზრი გავიგო. ზოგიერთი ევროპელი მოკავშირე ფიქრობს, რომ იმის გამო, რომ საქართველოში რუსული საოკუპაციო ჯარი დგას, საქართველო ნატოს უსაფრთხოებისთვის ზედმეტი ტვირთი იქნება. რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს?

ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარების მთავარსარდალი გავხდი. მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ნატოს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე იყო ის, თუ რამდენი რამ გასცა საქართველომ ნატოსთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა.

ყველა ამ მიმართულებით პროგრესი არის. როგორც სამხედრო მეთაური, გეტყვით იმას, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთის მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორეს მხრის ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში, მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება.

ძალიან სასიამოვნოა შეერთებული შტატების ისეთი დიდი წარმატებების მქონე სამხედრო პირისგან, როგორიც თქვენ ხართ, საქართველო შეიარაღებული ძალების ასეთი სიტყვებით შექების მოსმენა. ისიც მაინტერესებს, რას ფიქრობთ ქართველ ჯარისკაცებზე? თქვენ მათთან არაერთხელ გქონიათ შეხება.

ორ შეფასებას მოგცემთ. ერთი მთავარსარდლის გადმოსახედიდანაა. მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად პატრულირებაზე ან მათთან ერთად სანგარში არ მიბრძოლია. მაგრამ ნატოს ჯარების მთავარსარდლის პოზიციიდან სტრატეგიული შეფასება ისაა, რომ საქართველოს ჯარისკაცები მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ამერიკას და ნატოს სჭირდება. ისინი ყველგან ჩვენთან ერთად იყვნენ ყველა სახის მისიაში გვერდში გვედგნენ. ამას ყველა ქვეყანაზე ვერ იტყვი, თუნდაც ნატოს წევრებზე. ქართველები, რომლებიც წევრები არ არიან, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად. ტაქტიკურ დონეზე ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველა, ვინც მათთან ერთად ავღანეთში მსახურობდა, და თქვენ იცით, რომ ქართველებს საზღვაო ქვეითებთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ, ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლბლობების მქონე ჯარისკაცები არიან. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ ისინი ჩვენს გუნდში არიან.

როცა ვაფასებთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს საქართველოში შეჭრის შემდეგ - არსებობს შეხედულება, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარი სუსტი იყო. მას შემდეგ, "ზაპადის" სამხედრო წვრთნებზე, უკრაინაში თუ სირიაში მათ მოქმედებებზე დაკვირვებით, ჩანს, რომ ისინი შესაძლებლობებს ხვეწავენ. ამ შეხედულების თანახმად, საქართველოში შეჭრის შემდეგ მათ საკუთარი სისუსტეები აღმოაჩინეს და გამოასწორეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ არგუმენტზე, რომ რუსეთის ჯარი 2008 წელს სუსტი იყო და ახლა მისი ხარისხი გაუმჯობესდა?

არ ვიტყოდი იმას, რომ ისინი მაშინ სუსტები იყვნენ. ისინი სწავლობენ და მუდმივ ადაპტაციას გადიან. ჩვენ საკუთარ თავთან ინტელექტუალურად გულახდილები უნდა ვიყოთ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ბევრი ოპერაციის დროს, ინდივიდუალური მისიების შესრულების დროს, ჩავარდნები ჰქონდათ, მაგრამ ისწავლეს და გაუმჯობესდნენ. ყირიმშიც ისწავლეს, როდესაც “პატარა მწვანე კაცუნების” დამალვა ვერ შეძლეს. კი, მათ პრობლემები შეექმნათ, როდესაც ამ პატარა საქართველოს დაესხნენ თავს, რომლის ჯარისკაცებიც რუსეთს შეებრძოლნენ. ისინი უმჯობესდებიან და ჩვენთვის უფრო დიდ პრობლემებს ქმნიან. მაგალითად, სირიაში ელექტრონული ომის წარმოება მათთვის ახალი მეთოდი იყო. ყოველ ჯერზე, როცა ისინი ბრძოლის ველზე გადიან, უმჯობესდებიან.

ნატო უმჯობესდება?

ჩემი რწმენით, კი. ალბათ გახსოვთ, ყირიმსა და დონბასში რუსეთის შეჭრამდე, ნატოს წევრები შეიარაღების შემცირებაზე, ეგრეთწოდებულ “მშვიდობის დივიდენდზე“ ლაპარაკობდნენ. მაგრამ ჩვენ, რუსეთის უკრაინაში ორჯერ შეჭრამდე გადავწყვიტეთ მეხუთე მუხლისთვის ძალის გამოყენების მასშტაბური წვრთნები ჩაგვეტარებინა. ეს რუსეთის ყირიმში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ. ბევრს ჰგონია, რომ ეს სავარჯიშო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დავგეგმეთ. ეს ასე არ იყო. ავღანეთში ნატოს მისია ძალიან განსხვავდება მეხუთე მუხლის თავდაცვის მისიისგან. ამიტომ გვინდოდა ერთი მასობრივი წვრთნის ჩატარება. ეს სავარჯიშო ჩავატარეთ და გამოვკვეთეთ გარკვეული ასპექტები, რომლებსაც გამოსწორება სჭირდებოდა. მას შემდეგ, ნატოს ბოლო რამდენიმე სამიტი ძალების მზადყოფნაზე და შეკავებაზეა კონცენტრირებული. ამიტომ, მგონია, რომ ნატო ყოველ დღე უფრო და უფრო ძლიერია.

როცა ნატოს ძლიერებაზე და ერთობაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ამერიკის ჯარების ნაწილის გერმანიიდან გაყვანა. ამერიკის ადმინისტრაციიდან შერეული სიგნალები მოგვდის. პენტაგონი აცხადებს, რომ გერმანიიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც რუსეთის შეკავებას და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დაცვის გაძლიერებას უკავშირდება. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცი იმიტომ გამოჰყავს, რომ გერმანია ნატოში “საწევროს“ ბოლომდე არ იხდის.

მინდა გავიმეორო, რომ ახლა მე ბატონი ბრიდლოვი ვარ და არა გენერალი ბრიდლოვი. მთავრობის სახელით არ ვსაუბრობ, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა. თუმცა, როგორც გენერალი ბრიდლოვი, ასევე ბატონი ბრიდლოვი ერთსა და იმაზე პოზიციაზეა - ევროპაში ჯარების ყოფნა უნდა გავზარდოთ და არა შევამციროთ. გერმანიაში 5-ჯერ ვიყავი დისლოცირებული და კარგად ვხედავ ჩვენი იქ ყოფნის ღირებულებას. გერმანიაში ჩვენი ჯარების ზომის შემცირების რეკომენდაციას მე არ გავცემდი. თქვენს მიერ ნახსენებ მეორე საკითხს რაც შეეხება, ვხედავ, რომ ჩვენი ჯარი და ჩვენი შეიარაღებული ძალების ლიდერები ცდილობენ საუკეთესო შედეგის დაყენებას. გეგმის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი ძალიან კარგ ლიმონათს აკეთებენ იმ ლიმნებისგან, რომლებიც მათ შეხვდათ.

თქვენი აზრით, პრეზიდენტი პუტინი ამით სარგებლობს? როგორ შეიძლება ის აფასებდეს ამ ყველაფერს?

ეს არაერთხელ მითქვამს, როგორც სამხედრო ასე ჩემი სამოქალაქო კარიერის განმავლობაში - ბატონი პუტინის ნომერ პირველი მიზანი ნატოს და ევროკავშირის დაშლაა. ის აღმოსავლეთით იყურება და უზარმაზარ ჩინეთს ხედავს, რომლის თანასწორიც ის ვერასოდეს იქნება და რომელსაც სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. დასავლეთით რომ იყურება ევროკავშირს და ნატოს ხედავს. ეს დიდი ორგანიზაციებია, რომლებშიც ინდივიდუალური ქვეყნები შედის. მას სურს ამ ქვეყნებზე ჰქონდეს გავლენა. მას სურს ნატოს თავდაცვითი სისტემის დაშლა და ევროკავშირის დაშლით მის წევრ ქვეყნებთან ცალ-ცალკე ურთიერთობის ქონა. ვფიქრობ ენერგეტიკის სფეროში ის წარმოუდგენლად წარმატებულია იმაში, თუ როგორ იყენებს მილსადენებს. ვფიქრობ ბატონი პუტინი საკუთარ თავს ამჟამად კმაყოფილებით აფასებს. ის ხედავს, რომ ჩვენს შორის ბევრი დაძაბულობაა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ნატოს ნომერ პირველი მისია სოლიდარობა, ერთიანობა და სიმტკიცეა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველ დღე თავდასხმის ქვეშ ვართ და ნატოს და ევროკავშირს უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ ისინი არიან ძალა, რომელსაც იმ ქვეყნის შეკავება შეუძლია, რომელმაც მეზობლების საზღვრები გადაკვეთა და ევრაზიაში მათი შეცვლა უკვე რამდენჯერმე სცადა.

წყარო: ამერიკის ხმა