ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ქალთა მეწარმეობის განვითარების ორგანიზაციების სულ 300 წარმომადგენლი,მათ შორის 250 მეწარმე ქალი ესწრება.
ღონისძიებაზე მეწარმე ქალბატონებს ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. ფორუმის ფარგლებში საუბარი ბიზნესის სფეროში ქალების საქმიანობის წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებს ეხება.
ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მიესალმა. შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე ტრენინგები გაიმართა. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ტრენინგების მონაწილე ქალბატონებს პროდუქციის ბრენდინგის, ბიზნესის დაწყების და გაფართოვებისა და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. ტრენინგებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ფონდი ,,შპარკასე საქართველო“ ჩართულობით ჩატარდა.
ფორუმზე კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური შესაძლებლობები და სერვისებია წარმოდგენილი.
ბიზნეს-ფორუმის მიზანი საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობაა.
ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.