აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობს.
სამინისტრო აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევას იწყებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი უნგრეთში იმყოფება და სპორტული ტურიზმის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში ჯაბა ფუტკარაძე უკვე შეხვდა უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატს. შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხო.
მინისტრი უნგრეთის ელჩთან ერთად ბუდაპეშტის საფეხბურთო სტადიონს Groupama Arena-ს ეწვია და აღნიშნული სტადიონის მმართველ, მსოფლიოში ცნობილი კომპანია "ლაგარდერეს" ხელმძღვანთან ანდრას იგაზთან და სპორტის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. კომპანია "ლაგარდეს" სპორტის სფეროში საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს და 1500-ზე მეტ სპორტის ექსპერტსა და სპეციალისტს აერთიანებს. კომპანია სპორტში თავისი ინოვაციური სისტემების დანერგვით არის ცნობილი.
მოგვიანებით მინისტრი სტადიონის ინფრასტრუქტურას გაეცნო და საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
უნგრულმა მხარემ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ეფექტური ფუნქციონირების კუთხით გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე იმყოფებიან.