რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საქართველოს წინაღმდეგ ომისთვისაა საჭირო. ეს განცხადება რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა პროგრამა "ოსობოე მნემიეში" გააკეთა. ნემცოვმა სამხედრო ფლოტის დანიშნულებაზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ფლოტის ერთადერთი მიზანი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება იქნება, ვინაიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ვერც უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩაერევა და ვერც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს გადალახავს, რადგან ამ ტერიტორიებს ნატო აკონტროლებს.
"არ ვიცი, რას შეძლებს ეს ფლოტი, მთავარია, რომ მას ბოსფორის ან დარდანელის სრუტის გავლა არ შეუძლია, რადგან მათ თურქეთი ანუ ნატო აკონტროლებს. სინამდვილეში გეტყვით, რომ ფლოტი საქართველოსთან ომისთვისაა საჭირო. სხვათა შორის, ეს ფლოტი არ მონაწილეობს უკრაინის შიდაპოლიტიკურ საკითხებში და არც არასდროს მონაწილეობდა. მითხარით, რა ღირს საქართველოსთან ომი _ 40 მილიონი დოლარი? ფლოტის გარიგება კორუფციულია. რუსეთს ესმოდა, რომ თუ შეთანხმება 2017 წელს ამოიწურებოდა, სამხედრო შემადგენლობას წასასვლელი არსად ექნებოდა", _ აცხადებს ნემცოვი.