აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედ კომიტეტს აფხაზეთის ეკოსისტემის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ ბარამიამ კომიტეტის წევრებს სპეციალური განცხადებით მიმართა.
"2008 წლის აგვიტოს ომის დროს ჩვენ, ყველანი ვიყავით იმის მოწმე, თუ როგორ განთავსდა რუსეთის სამხედრო ბაზები ფოთთან ახლოს, ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. უმოწყალოდ გაიკაფა იქ არსებული იშვიათი სახეობის მცენარეები, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მიწის საფარს, რითაც ამ ადგილების სრული დეგრადაციის საშიშროება შეიქმნა. არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ იგივე განმეორდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსი ოკუპანტები თვითგამოცხადებულ საზღვარზე აყენებენ თავიანთ საოკუპაციო ჯარს და გალის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამხედრო დანიშნულების სამშენებლო სამუშაო", _ ნათქვამია ბარამიას მიმართვაში.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებით, შავი ზღვის სანაპირო ზონიდან ინერტული მასალის უკონტროლო გატანა ხდება, რაც ნაპირის ეროზიას იწვევს და მალე დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ზღვის ეკოსისტემის განადგურების საკითხი. ასევე, საფრთხე ექმნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, რაც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა.
"მოგეხსენებათ, რომ 2010 წელი გაეროს მიერ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული. მოგიწოდებთ და გთხოვთ დაგვეხმაროთ, გავაერთიანოთ ძალები აფხაზეთის უნიკალური ეკოსისტემის შესანარჩუნებლად. ამით ბენებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას გადავარჩენთ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამსარის კონვენციას საქართველო 1996 წლის 30 აპრილში შეუერთდა.