ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ისმის მოწოდებები რუსეთისა და საქართველოს მიმართ, 2008 წლის აგვისტოს შედეგების დასაძლევად მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.
"ჩვენ ნაკლებად გვაქვს იმედი ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა, თუკი კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობას არ დაიწყებენ", _ განაცხადა სხდომაზე შვეიცარიის წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინმა.
მისივე თქმით, ცხრა თვის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა კომისიის წევრებმა მოამზადეს ანგარიში, რომლიც მოცულობაც სამი ტომი და 1150 გვერდია.
"ჩვენს მისიას არ ჩაუტარებია არავითარი გამოძიება, რომელიც შეიძლება სასამართლო განხილვამდე მივიდეს. გთხოვთ, ნუ განიხილავთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს ერთგვარ ტრიბუნალად. ჩვენ მხოლოდ შევაფასეთ ყველა მოვლენა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით", _ განაცხადა ტალიავინმა.
ამასთან ერთად, ტალიავინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისიის აზრით, "რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ შეესაბამება".
"მოვუწოდებთ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს პატივი სცენ ტერიტორიულ მთლიანობას და გაეროს ყველა პრინციპი და სხვა საერთაშორისო დოკუმენტი გაითვალისწინონ", _ განაცხადა ტალიავინმა.
ამას გარდა, ტალიავინმა ასევე მოუწოდა ასამბლეას თავი შეიკავონ, ერთ რომელიმე მხარეზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრებისაგან, ვინაიდან "ყველამ გადადგა არასწორი ნაბიჯი და ეს უნდა გამოასწორონ".