ავღანეთში საქართველოდან სამხედროების გარდა, ექიმებიც გაემგზავრებიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო აქტიური უნდა იყოს და პროცესებზე მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლი არ უნდა შეასრულოს.
"ავღანეთში გარკვეული სახის შეზღუდვები არსებობს, თუმცა ჩვენს ჯარისკაცებს ეს არ შეეხებათ, რადგან ისინი ფართო მანდატით სარგებლობენ. ქართველ ჯარისკაცებს საკმაოდ რთულ უბანზე მოუწევთ ოპერაციებში ჩართვა ამერიკელ, ფრანგ, კანადელ და იტალიელ პარტნიორებთან ერთად, რაც გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა აქტიური უნდა იყოს და პროცესების მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლით არ უნდა შემოიფარგლოს. ეს ქვეყნის მომავალს წაადგება", - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის განმარტებითაც, ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში ქართველი ექიმებიც გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში დამატებით 750 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დღეს გაემგზავრა.