უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის განცხადება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა, რომლის ამსახველი ვიდეო კადრები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
ზელენსკის თქმით, მან გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
"ახლა არ არის იმის დრო, რომ სახელმწიფო ეკონომიკურად და პოლიტიკურად შევარყიოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამას გარდა, ზელენსკიმ დაავალა გონჩარუკს, შეიმუშავოს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ახლებურად განისაზღვრება მინისტრების ანაზღაურების სქემა. კონცეფციიის შემუშავებისას კი აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა.
ცნობა უკრაინის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ დღეს გავრცელდა. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.