"მოსკოვი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებისკენ", - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მედიის კითხვებზე პასუხში, რომლებიც წინასწარ იყო მოზადებული, მაგრამ არ გაჟღერებულა სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე.
სერგეი ლავრომა დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის შედეგების შეჯამებას მიეძღვნა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება ნატოსა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსთან.
"მოსკოვი მოელის, რომ ნატო და ვაშინგტონი რუსეთის გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდებიან და შეწყვეტენ საქართველოს წაქეზებას რუსეთთან დაპირისპირებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვში არსებობს მუდმივი ინტერესი თბილისთან ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისა.
"ურთიერთობის ნორმალიზებაზე უარყოფითად იმოქმედა ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაციამ, რის საპასუხოდაც მოსკოვი იძულებული გახდა დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან.
იმედი გვაქვს, რომ მომხდარი თბილისისთვის გაკვეთილი იქნება", - დასძენს საგარეო საქმეთა სამინისტრო.