თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ გურჯაანის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკას სამასზე მეტი წიგნი, ძირითადად, უახლესი გამოცემები აჩუქა. აქცია წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს დაწესებული კამპანია „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში განხორციელდა.
„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები სიხარულით ეხმიანება წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს დაწესებულ წიგნის ჩუქების აქციას და ვეჯინის ბიბლიოთეკას უახლეს გამოცემებს ჩუქნის. წიგნი საუკეთესო საჩუქარია, ხოლო სოფლის ბიბლიოთეკისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემები გადაიტანა, ეს საჩუქარი ორმაგად მნიშვნელოვანია. ვეჯინელებისთვის რამდენიმე გამომცემლობის საუკეთესო წიგნები ამოვარჩიეთ და ვიმედოვნებთ, მათ ბევრი მკითხველი ეყოლება“, - ამბობს მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
ამჟამად წიგნები გურჯაანის მთავარ ბიბლიოთეკაშია შენახული, რადგან ვეჯინის ბიბლიოთეკას არემონტებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბიბლიოთეკა 7 აპრილს დაარბიეს, წიგნები დაწვეს, დაამტვრიეს თაროები, ტექნიკა და სხვა ინვენტარი. აღნიშნული ფაქტის გამო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, ფაქტობრივად, მთლიანად განადგურდა.