თარიღი    დრო

Welcome to Gaza

საქართველო, თბილისი - 19:48 08.18.2017 1542

ერეზის სასაზღვრო პუნქტზე ვარ. ჩემი ორივე ჩანთა ამოყრილია. მესაზღვრე დეტალურად ამოწმებს ჩემს ნივთებს, ჩანაწერებს, კომპიუტერს, ტანსაცმელს, კოსმეტიკას, საცვლებს… ყველაფერი ამოყრილია. გაშიშვლებული ვარ. უსუსური. უსიტყვო. რასაც მეკითხებიან – ვპასუხობ. ლაკონურად. კი ან არა. მინდა თვალები დავხუჭო და უცბათ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი გავხდე. მინდა ვიყვირო. ვეღარ ვარ პოლიტიკურად მშვიდი. ჩემი პასპორტი სადღაც მეორე ოთახშია. მოსაცდელ დარბაზში ვზივარ და ერთი ღერ სიგარეტში სამშობლოსაც გავცვლიდი ახლა. ჩემი თანამშრომელი ცალკე ოთახშია. მამის სახელი? ბაბუის? აქ რას აკეთებთ? ვის ეხმარებით? განათლება? მეათეჯერ ვპასუხობ ისრაელის მესაზღვრის ფანჯრიდან დასმულ კითხვებს, რომლებიც ვიცი უკვე დაფიქსირებულია ისრაელის ტერიტორიაზე შემოსვლის დროს.

იცოდით რომ არსებობს გისოსობიანი ციხეები, და არსებობს ღია ცის ქვეშ გაშენებული ციხეები? გეცინებათ ხომ? მეც გამეცინებოდა. ვგრძნობ სადღაც მიშელ ფუკოს სული დამყურებს და დამცინის. მგრამ არაა სასაცილო. ერეზის მეორე მხარეს ღაზას სექტორია. თანამედროვე ციხე ღია ცის ქვეშ. 45 კილომეტრი სამხრეთით და 15 კილომეტრი დასავლეთისკენ, ზღვისკენ. ზღვისკენ, რომელსაც ვერ გადაცურავ, იმიტომ რომ რამდენიმე კილომეტრში საკონტროლო პუნქტია. ზღვა რომელსაც ვერ გადაცურავ, შეგიძლია მხოლოდ შეხედო, მშიერი ადამიანივით. მაძღარი მშიერს ნამცეცებს უყრიდიაო, თუ როგორც არის.

15 წუთია ზურგჩანთამოკიდებული გისოსებიან დერეფანში მივდივარ. ვცდილობ რომელიმე გამამხნევებელი ფიქრი მოვძებნო თავის უჯრებში და იმას ჩავეჭიდო. ისრაელის საზღვარი გადავკვეთე და ღაზას სექტორში უნდა შევიდე. ჩემს უკან კედელია. დიდი კედელი. ისრაელს და ღაზას სექტორს ყოფს. გეგონათ კედელი მხოლოდ მექსიკისგან დასაცავად მოიგონეს? გეცინებათ ხომ? მეც გამეცინებოდა. კიდევ 3 საკონტროლო პუნქტია. თუ ეს ჩანთა გზადაგზა არ დამძიმდება, თუ ეს მაისის მზე გზად არ შემჭამს, როგორმე მივალ პასპორტის კონტროლთან, მომცემენ შესვლის უფლებას, მერე მივალ შესვლის უფლების კონტროლთან, მერე შესვლის უფლების კონტროლის კონტროლთან, რკოს მივუტან ღორს, ღორი მომცემს თოკს, დავწნი…

ჩემს წინ ყურებამდე გაღიმებული კაცი დგას. ხორცისფერი ჟილეტი აცვია, ნაცნობი ლოგოთი.

Welcome to Gaza!

ჩანთებს მართმევს და მანქანაში მსვავს. წავედით. ზღვის სილურჯე თვალს მჭრის.

მერე მთელი დღე დავრბივარ და აღარაფერი მახსოვს. ღაზაური ყავით, კითხვარებით, შერჩევებით, 5 ბალიანი სკალებით, SPSS-ებით… ჩვენს პირველად გეგმას ვერ ვასრულებთ, მხოლოდ 6 დღიანი „საშვი“ მაქვს, ამიტომ თვით-ადმინისტრირებად კითხვარებს ვაკეთებთ, არაბულად ვთარგმნით, ვაგზავნით, მონაცემთა შეყვანის ბაზას ვაწყობთ, როგორმე რამეს ვიზავთ.

საღამოს ყველა ემოცია წართმეული შევდივარ საერთო საცხოვრებელში. ფანჯრიდან ზღვას გავყურებ და კიდევ ერთხელ ვეკითხები ჩემს თავს რა ჯანდაბას ვაკეთებ ამ დედამიწაზე. ის დროა მზე რომ ჩადის და სამყაროს ათას მნიშვნელოვან ფიქრზე გაწყებინებს თავის მტვრევას. მედიტაციური კომფორტიდან შუქის წასვლა მაფხიზლებს, ღაზას სექტორს ელექტროენერგიას ისრაელი აწვდის, დღე-ღამეში 4 საათი, ისიც თუ გაგიმართლა. ჩვენ, როგორც პრივილეგირებულ “ენჯეოშნიკებს” გენერატორი გვაქვს, დრიგინებს…

დილით სამხრეთ ღაზაში მივდივართ, ნახევარ საათში კვეთ მთელ მონაკვეთს, მონაკვეთს სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოკეტილი, რადგან გასვლის უფლება მხოლოდ ერთეულებს აქვთ. პარტნიორებს ვხვდებით, დედათა და ბავშვთა ნუტრიციის პროგრამას უძღვებიან. შემდეგ ისევ დავრბივართ, საღამოს აქაურ ცნობილ კნაფეს ვჭამთ და ზღვის სანაპიროზე ვსეირნობთ…

ზღვა კანალიზაციის სუნით ყარს, კანალიზაციის ერთადერთ სისტემას ეს წარმოადგენს, სხვა შესაძლო გზების დაბლოკვის გამო. მიხვდებით რატომაც.

საღამოს ჩემს თანამშრომელს ერაყში ჩვენი პროგრამის ფოტოებს ვაჩვენებ, მრცხვენია რომ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას წასვლის უფლება მაქვს, უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მინახავს, ჩემი მობილური გატენილია სხვადასხვა ფოტოებით, მას კი ამ ადგილიდან გასვლის უფლებაც არ აქვს. ხშირად ხდება ავადმყოფებსაც არ აძლევენ სამედიცინო რეფერალის უფლებას ისრაელის საზღვარზე. სასწრაფო მანქანებით მიყვანილებს. საზღვარზე კვდებიან.

ჩემი აქ ყოფნის ბოლო დილაა, ვიღვიძებ და ვგრძნობ მუხლი არ მემორჩილება, არ ვიცი როგორ, მაგრამ ტკივილი თავბრუს მახვევს. ყველაზე მეტად ის მაწუხებს რომ საზღვარზე დაახლოებით 45 წუთი ფეხით უნდა ვიარო ჩემი ბარგიანად. ჩვენი თანამშრომელი, სამედიცინო პროგრამების დირექტორი, ღაზაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექიმია. აი, რა უპირატესობა აქვს სამედიცინო ორგანიზაციაში მუშაობას. ნახევარ საათში კლინიკის მთავარი ექიმი ათვალიერებს ჩემს მუხლს, ფიქსატორს მიკეთებს და საზღვრისკენ მივდივართ. ფულს არ მახდევინებს, დღეს ღაზას სტუმარი ვარ. ვეწინააღმდეგები, მაგრამ დღეს ღაზას სტუმარი ვარ.

საღამოს იერუსალიმში ვრჩები, ე.წ. არაბულ სამეზობლოში, ანუ აღმოსავლეთ იერუსალიმში. ონლაინ უბერის ტაქსს ვიძახებ რომ სავახშმოდ გავიდე. ტაქსის მძღოლი შეშფოთებული მეკითხება საიდან ვარ, საქართველო რომ ესმის, ცდილობს ამიხსნას რომ ეს უბანი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ აქ არაბები ცხოვრობენ (თვითონ ებრაელია) და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიდეთ აქედან! არ ვიცი რა უნდა ვუთხრა და ვბურტყუნებ რომ ჯერ-ჯერობით ცუდი არაფერი შემინიშნავს. მერე ღაზას ექიმი მახსენდება, სტუმარი რომ ვიყავი, და კიდევ ერთხელ მცხვენია, რომ სხვას არაფერს ვეუბნები.

დილით ჩვენს მძღოლს იორდანიის საზღვრისკენ მივყავარ, მეფე ჰუსეინის ხიდზე. მანქანაში ცხელი ყავით, ფალაფელის სენდვიჩით და სიგარეტით მხვდება. ისრაელის მესაზღვრე მეკითხება იარაღი ხომ არ მაქვს თან. მინდა ვეხუმრო, მაგრამ დროზე “ვატორმუზებ”. საზღვრის მეორე მხარეს იორდანიელი მძღოლი მელოდება და ამანში მივყავარ. საზღვარზე ჩემთვის ღვინო და მისთვის ერთი შეკვრა სიგარეტი ვიყიდე და ორივე ბედნიერები ვართ.

ჩემ სახლში სიმშვიდეა. თითქოს არც ვყოფილვარ არსად. დაახლოებით ის დროა ღაზაში შუქი რომ მიდის. შხაპს ვიღებ და მეგობარს ვურეკავ სავახშმოდ. ღაზაში ყოფნას მხოლოდ მტკივანი მუხლი და ფიქსატორი მახსენებს. იორდანიულ ლუდს ვსვავ. ჩარკვიანს ვუსმენ. აზრები მიქრება და ვიძინებ. ძილი ნებისა.

ანა კვინტრაძე, იორდანია, 2017 წელი




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.8%
შემცირდა 15.1%
არ შეცვლილა 3.1%