საქართველოს პრემიერ-მინისტრი სპეციალური მიმართვის საშუალებით დაგეგმილ ვილნიუსის სამიტს ეხმიანება. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იგი ევროკავშირთან დაახლოების მაღალ დონეს ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე.
,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება ეტაპობრივად გაუხსნის გზას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე და წარწერას - ,,დამზადებულია საქართველოში" სულ სხვა დატვირთვა ექნება. საქართველოში ნაწარმოები საქონლის დიდი ნაწილი ევროკავშირში შევა ტარიფებისა და კვოტების გარეშე. ამავე დროს ეს იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის", _განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც.
,,ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და, როდესაც ევროკავშირი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის", _აცხადებს ღარიბაშვილი.