საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ნინო გვასალიას ცხედარი ექპერტიზისთვის ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც გიორგაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას აღნიშნა, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს ვიზუალური დათვალიერებისას მნიშველოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და გვამი აღმოჩენისას ნორმალურ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მისი ამოცნობა არ გართულებულა.
გიორგაძის განმარტებით, მუხათწყაროს ტყეში ახალგაზრდა გოგონას ცხედრის პოვნის თაობაზე შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დღეს დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა.
"ჩემი ინფორმაციით, შეტყობინება სამართლადამცველების მიერ განხორციელდა. არ ვიცი პირველად ვინ აღმოაჩინა გვამი. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. რამდენადაც ვიცი, ცხედარი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე პროზექტურაშია გადასვენებულ,ი"- განუცხადა "ჯი-იჩ-ენს" გიორგაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია თუ რამდენი დღის წინ შეიძლება მომხდარიყო აღნიშული უბედური შემთხვევა და ამასთან დაკავშირებით დეტალებს ექსპერტების დასკვნა წარმოადგენს.
ნინო გვასალიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს.
17 ოქტომბერს გაუჩინარებული 22 წლის ნინო გვასალია მუხათწყაროს ტყეში, მიუვალ ადგილზე, ხეზე ჩამოხრჩვალი იპოვეს.
გვასალიას ცხედრის აღმოჩენის ფაქტი "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში სავარაუდო სუიციდის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ნინო გვასალიას მიერ დატოვებული წერილი, რომლის შინაარსიც ჯერ არ გასაჯაროებულა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რა დროს დადგა სიკვდილი. წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
გაუჩინარებულ ნინო გვასალიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ჩატარდა რამდენიმე სამაშველო-სამძებრო სამუშაო, ძებნაში ჩართული იყვნენ მოქალაქეებიც, თუმცა, შეტყობინება ნინო გვასალიას ადგილსამყოფელის შესახებ პოლიციაში არ შესულა.