საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალოვან სტრუქტურებში არსებული ე.წ. დახურული უბნების დიდი ნაწილი გაუქმდა და ცალკეულ სამსახურებში მათი მინიმალური რაოდენობა მხოლოდ განსაკუთერული აუცილებლობიდან გამომდინარე დარჩა.
მინისტრის თქმით, ე.წ. დახურულ უბნებზე მონიტორინგის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და საქართველოს ყოფილი ხელისუფლება მსგავს უბნებს მისთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მისაცემად იყენებდა.
"მინდა კიდევ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, გახსოვთ ალბათ ყველას, რომ წლების განმავლობაში არსებობდა ე.წ. დახურული უბნები, სადაც მონიტორინგის უფლება პრაქტიკულად არავის ჰქონდა. ხდებოდა პოლიციელების ძალიან შეურაცხმყოფელად მიყვანა, ძალდატანება და მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა. ეს ეპოქა წარსულს ჩავაბრეთ. ჩვენ ხელოვნურად შექმნილი უბნები გავაუქმეთ, დავტოვეთ მხოლოდ აუცილებელი დახურული უბნები, ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მხედველობაში მაქვს საჯარისო სპეცდანიშნულების რაზმები და წვევამდელების დახურული უბნები. ასე რომ, ეს არის მართლაც დიდი მონაპოვარი, ეს არის უპრეცედენტო საარჩევნო გარემო და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.