,ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის ირინა იმერლიშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფლება ადეკვატური რეაგირების ნაცვლად ცდილობს აბაშაში მომხდარ ინციდენტში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დაადანაშაულოს.
,, ირინა იმერლიშვილის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო განაცხადება. ის ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ გაამართლოს ძალადობა. მიქაია და მისი ჯგუფი პირველი შემთხვევა არ არის, რომ ძალადობას სჩადიან და ეს საზოგადოებამაც კარგად ნახა პრაიმერის დროს ზუგდიდში, როცა ქვები და ბოთლები დაუშინეს ,,ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს და ჩვენს მხარდამჭერებს. ეს ადამიანები კიდევ სჩადიან ძალადობას და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს ნორმალური და ადეკვატური რეაგირება ისინი ადანაშაულებენ ჩვენს დეპუტატს, მაშინ როდესაც არცერთი ადამიანი, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ძალადობა ჩაიდინა სისხლის სამართლებრივად დასჯილი არ არის და პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს დეპუტატ დარცმელიძეს. მოგეხსენებათ ეს არის კანონის მკაცრი დარღვევა და ცინიკური დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის წევრისადმი", _განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი ირინა იმერლიშვილი აბაშაში მომხდარ ინციდენტს ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. როგორც ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იმერლიშვილმა განაცხადა მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება.
აბაშის რაიონში ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის გიორგი გვილავას განმარტებით მის ოჯახს აბაშის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" დავით დარცმელიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გვილავას განაცხადებით, იგი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ მეზობელმა შეტყობინა.
გიორგი გვილავას განაცხადებით, დავით დარცმელიძეს ყოფილი სამართალდამცავებიც ახლდნენ, რომელებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
როგორც ,,ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი განმარტავს სიტყვიერი შეურაცხყოფა დავით დარცმელიძემ მასაც მიაყენა.