საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებები არასწორია, რადგან ამომრჩეველთა თუნდაც მცირე ნაწილის პოლიტიკური სიმპათიების იგნორირება არ შეიძლება.
როგორც წიკლაურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დრევანდელი პრესკონფერენციისას გაკეთებული განცხადებები მთლიანობაში ძალიან მძიმეა, რადგან ექსპერტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები ითხოვენ პასუხებს ქვეყანაში არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, პოლიტიკური სტაბილურობა, ტერიტორიული მთლიანობა და ამის მაგივრად ვხედავთ ადამიანს, რომელიც ირგებს სახალხო მასწავლებლის ფუნქციას და გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველას მან უნდა ასწავლოს ჭკუა და ყველა მან უნდა შეაფასოს.
წიკლაური მიიჩნევს, რომ "ეს რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად კონცენტრირებულია თავის თავზე და არა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს".
"მე ვფიქრობ, ეს არასწორი განცხადებაა პრემიერის მხრიდან, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობა თავის კონკრეტულ სასურველ კანდიდატს აძლევს ხმას და იმ შემთხვევაში თუ თითქმის ნახევარმა საქართველომ მისცა ხმა მარგველაშვილს, მისი მხრიდან იმის თქმა, რომ რადგან უფრო მეტმა არ მომცა ხმა არ გავითვალისწინებ დანარჩენი მოსახლეობის აზრსო, მე ვფიქრობ, არასწორია და იმ ზოგად ტენდეციას ასახავს, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ამომრჩევლების მიმართ და რაც გამოიხატა იმ შეუსრულებელ დაპირებებში, რაც გაიცა 1 წლის წინ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან არაადეკვატური განცხადებაა. დღევანდელი შეხვედრა რომ ყოფილიყო რაღაც იზოლირებული ინციდენტი, კიდევ ვიტყოდი, რომ რაღაცა ხდება ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ უკვე მეოთხე თუ მეხუთე შემთხვევაა, რაც ასეთი ტონით არიგებს მოქალაქეებს. მოქალაქეებს მისგან დარიგება არ უნდათ, მათ შესრულებული დაპირებების არსულება სჭირდებათ და კიმ ჩენ ირის და სხვა დიქტატორების პრაქტიკა არ მგონია ჩვენი ქვეყნისათვის იყოს რაიმენაირად სახარბიელო და სასარგებლო,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნუგზარ წიკლაურმა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, წიკლაური თვლის, რომ საპრეზიდნტო არჩევნების მეორე ტური აუცილებლად იქნება და ამაზე სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მიუთითებს.
"საერთოდ, არ არის ადილად პროგნოზირებადი ვითარება. იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად იცვლება ბევრი რამ. თუმცა ის, რაც ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ უნდა იყოს მეორე ტური ამ არჩევნებში. არის ერთადერთი კვლევა, რომელიც ბიძინა ივანშვილის ჯიბის სოციოლოგიური კამპანიის ნაწარმოებია და მხოლოდ აქ არის სხვაგვარი შედეგები. ამიტომ, ცხადია, რომ კვლევებზე დაყრდნობით ველოდებით იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება,"- აღნიშნა წიკლაურმა.