საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მმართველმა კოალიციამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმაზე მეტი საქმე გააკეთა, ვიდრე "ნაცონალურმა მოძრაობამ" 9 წლის განმავლობაში.
როგორც ლორთქიფანიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით პრემიერ-მინისტრმა ერთგვარად საზოგადოებას იმ სიკეთეების დანახვის და დაფასებისკენ მოუწოდა, რომელიც ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ მოღვაწეობის განმავლობაში შექმნა.
დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასაც აფასებს, რომლის თანახმად, პრემიერი მიიჩნევს, რომ კანონშემოქმედებით საქმიანობაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გაცილებით გამოცდილები და კომპეტენტურები არიან, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბევრი დეპუტატი.
"ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის უფლება და მან გამოხატა თავისი მოსაზრება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ადამიანებმა 9 წლის განმავლობაში ნგრევასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტიც სხვებთან შედარებით შედარებით კარგად შეისწავლეს. აქედან გამომდიბარე, ის, რომ მათ უფრო მეტი იციან საპარლამენტო ცხოვრებაზე, არ მგონია, რომ კორექტული იყოს. არ ვთვლი მე ამას ასე, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ხელმძღვანელ რგოლებში და ისინი უნდა გასამართლდნენ და პასუხი აგონ იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი აქვთ ქართული საზოგადოების წინაშე. თუ ვინმემ რაღაცა მეტი შემართებით ისწავლა, ეს არ არის მათი ინდულგენციისთვის საკამრისი,"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
დეპუტატმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ნებისმიერ დროს მზადაა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭიროს, თუ ეს სათანადოდ არგუმენტირებული და დასაბუთებული იქნება.
"რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, გარკვეულწილად მე, როგორც უმრავლესობის გუნდის წევრი, დავემორჩილები როგორიც იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება. პირადად მე, დღესაც მზად ვარ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაგრამ სხვა საკითხია რის გამო შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. თუ ეს კანონიერი ფორმით იქნება, მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის,"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლორთქიფანიძემ და დასძინა რომ, ვადამდელი საპარლამენტო არჩვნების დანიშვნის შემთხვევაში, იგი დეპუტატის მანდატისთვის ისევ ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით აპირებს.
დავით ლორთქიფანიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს და კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ, ამიტომ მარგველაშვილის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
"ბატონი ბიძინა აბობს მე რომ ვიყო გიორგი მარგველაშვილიო, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილი?! გიორგი მარგველაშვილი არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა და ის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას თუ ასეთი მოცემულობა დადგება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოცემულობა არ დადგემა და მეორე ტური საჭირო არ გახდება,"- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.