საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. როგორც უსუფაშვილის განცხადებაშია აღნიშნული თუ ის უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება ამით პრეზიდენტის ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში მოუწევს მონაწილეობა.
,,გავეცანი თქვენს საჯარო განცხადებას, რომლითაც მაცნობეთ პრეზიდენტის თხოვნა შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვის თაობაზე.საჯაროდვე გთხოვთ, გადასცეთ ბატონ პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში, რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების (საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უშიშროების საბჭო) შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უსაფრთხოება) არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას. ამის სურვილი არ მაქვს, ვერ გეახლებით და თავადაც გირჩევთ, დაფიქრდეთ...", _აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მთავრობას უშიშროების საბჭოს მოწვევას სთავაზობს. ამის შესახებ განაცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვა გააკეთა. როგორც ბარნოვმა განმარტა უშიშროების საბჭოს სხდომა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებს განიხილავს.