ENG / RUS       12+

თანაინვესტირების ფონდი: ქვეყნის გადარჩენა თუ წინასაარჩევნო ფანდი?

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ თანაინვესტირების ფონდისა და კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფონდის ანონსირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. სინამდვილეში, მილიარდერ ივანიშვილის ყოველი გადაწყვეტილება მსოფლიო ბიზნეს-თანამეგობრობაში ბევრად მეტ ინტერესს იწვევს მუდამ, ვიდრე პოლიტიკოს ივანიშვილის ნაბიჯები.

ეს გლობალური პრაქტიკაა: ინვესტორები აკვირდებიან, როგორ იქცევა ამა თუ იმ ქვეყანაში ესა თუ ის მილიარდერი და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია 6 მილიარდიან ფონდზე («ვენჩურულ» და «სუვერენულ» ფონდებთან ერთად), რაც საქართველოს ბიუჯეტზე 1,5-ჯერ მეტია! თანაც, უახლოეს მომავალში, აკუმულირებული თანხების ოდენობა 10 მილიარდამდეც შეიძლება გაიზარდოს. აქედან თვით ბიძინა ივანიშვილის წვლილი ოფიციალურად 1 მილიარდი დოლარია. მაგრამ გარდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და დიდი ხნის პარტნიორ ალექსანდრე მაშკევიჩისა (იგი ყაზახეთის მოქალაქედ ითვლება), თანადამფუძნებლებს შორის რამდენიმე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელთა მიღმა შეიძლება იმავე ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი მოიაზრებოდეს.

«ყველაზე წარმატებულ ქართველს» კი (როგორც ერთხელ უფროსმა «გრეჩიხამ» უწოდა) არაერთხელ უთქვამს, რომ მზადაა სამშობლოს კეთილდღეობისათვის საკუთარი ფულის 80-90% დახარჯოს. «ფორბსის» ცნობებით, ეს კაპიტალი 2013 წლის გაზაფხულისთვის 5,3 მილიარდი დოლარი იყო. ძალიან უცნაური ციფრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე ავტორიტეტული გამოცემა 2012 წელს ამტკიცებდა, ივანიშვილის კაპიტალი 6,6 მილიარდია დოლარიაო. რა გამოდის? რუსული აქტივების გაყიდვის შემდეგ ივანიშვილის კაპიტალი გაზრდის ნაცვლად შემცირდა? რაღაც კოსმიური შავი ხვრელის მსგავსი გაუგებარი და გამაოგნებელი პარადოქსია!


6 მილიარდი დოლარი საქართველოს მასშტაბის ქვეყნისათვის ძალიან ბევრია. ბევრად მეტი, ვიდრე ცნობილი «მარშალის გეგმით» გამოიყო ომით განადგურებული ევროპის დასახმარებლად. ბიუჯეტზე 1,5-ჯერ მეტი ინვესტიცია სულ რამდნიმე წლის განმავლობაში, შეიძლება თქვას, ქვეყნის გადარჩენას და იმდენად მძლავრ სტიმულს ნიშნავს, რისი მსგავსი არც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანას არ განუცდია. ეს არის ე.წ. «იაფი და გრძელი ფული», რომელზეც ყველა სახელმწიფო და ყველა მთავრობა ოცნებობს.

თუმცა, არსებობს აზრი, რომ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უფრო მეტად გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო «გაპიარებას» ემსახურება რათა ოცნების კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პრემიერმა ერთმნიშვნელოვნად და მოურიდებლად განაცხადა: თუ საქართველოს მოსახლეობა მარგველაშვილს არ აირჩევს, იგი ამას უნდობლობის გამოხატვად აღიქვავს და ყველა პროექტს შეაჩერებს. მათ შორის, ბუნებრივია, თანაინვესტირების ფონდსაც.

ამ მოსაზრების ავტორები მიუთითებენ, რომ «თანაინვესტირების ფონდი» საკმაოდ რთული სქემით აპირებს პროექტების დაფინანსებას: უნდა გამოჩნდეს ინვესტორი, რომელიც მზადაა გარისკოს საკუთარი სახსრებით, ვთქვათ 25 დოლარით ყოველი ასი დოლარიდან და მხოლოდ ამ შემთხვევაში «თანადაუფინანსებს» ფონდი დანარჩენ 75 დოლარს. ეს მაქსიმუმია, სინამდვილეში თანადაფინანსება შეძლება ნაკლებიც იყოს.

მაგრამ რა მოხდება, თუ არ გამოჩნდა ინვესტორი, ვინც შექმნილ გაურკვეველ, პოლიტიკურად დაძაბულ, რუსეთთან «დაულაგებელ» ვითარებაში გარისკავს თუნდაც იმ 25 დოლარით? მით უმეტეს, როცა პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ აპირებს წასვლას და კაცმა არ იცის, რა როგორ განვითარდება ამ ქვეყანაში. მაშინ ისე გამოვა, რომ ივანიშვილი არაფერსაც არ დააფინანსებს, თუმცა დაპირებაც არ დაირღვევა ფორმალურად: ხომ არავის უთქვამს, რომ ფონდი დამოუკიდებლად განახორციელებს პროექტებს? ერთადერთი გამონაკლისი ანაკლიის (იგივე ლაზიკას) პორტის მშნებლობაა და აქაც მეტისმეტად დიდი კითხვის ნიშნები არსებობს: 110 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის პორტი არათუ საქართველოს, არათუ კავკასიის, არამედ მთელი შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონისთვისაც კი მეტისმეტად დიდი ციფრია.

ამ ვერსიის ავტორებს ნიშანდობლივად მაიჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს, პრეზენტაციისას არც ერთხელ არ უხსენებია ის დარგები, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ ფინანსურ მხარადჭერას: სამშენებლო სექტორი და სოფლის გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქცეოდა ეკონომიკის (მათ შორის სოფლის მეურნეობის) ლოკომოტივად, ვიდრე გლეხებისათვის ნიჩბის, ბარისა და ურიკების დარიგება რაღაც გაუგებარი «ვაუჩერული სისტემით».

რა თქმა უნდა, ამ სკეპტიკურ აზრს აქვს არსებობის უფლება და საკმარისად დასაბუთებულიცაა თითქოს, მაგრამ მას მეორე მოსაზრება უპირისპირდება: რაში სჭირდება ასეთი ტყუილი და ოინები ადამიანს, რომელმაც ნამდვილად (ამას წყალი არ გაუვა და 1000 პროცენტით ასეაა) ბოლო 10-12 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიარდი დოლარი დახარჯა სრულიად უსასყიდლოდ და ყოველგვარი მოგების გარეშე? «თანაინვესტირების ფონდი», როგორც მინიმუმ, გაცემული თანხის ამოგებას მაინც ნიშნავს, ხოლო ფული, რომელიც ივანიშვილმა უბრალოდ დაარიგა თავისი ადრინდელი «საქველმოქმედო ფონდიდან», არავითარ მოგებას არ მოუტანდა. «ინტელიგენციისათვის პენსიების გადახდით სახელისა და გავლენის მოხვეჭა უნდოდა, რათა ხელისუფლებაში მოსულიყოო». დავუშვათ ასეა. მაგრამ ხომ მოვიდა? ახლა რატოღა მიდის? თუ ის მილიარდი დოლარი პოლიტიკურ მომავალში ინვესტირებული ფული იყო, როგორც გვიმტკიცებენ, მაშინ ძალაუფლების მოპოვებიდან რამდენიმე თვეში ვინ ტოვებს ხელისუფლებას?
«პუტინმა დაავალა საქართველოში სიტუაციის არევა და ამიტომ იხვეჭდა ქველმოქმედის სახელსო». პუტინმა დაავალა როდის? 2000 წელს, როდესაც საქართველოში დაბრუნდა? მეტისმეტად რთული კონსტრუქცია ხომ არ გამოდის? ხოლო თუ სახელის მოხვეჭა გულწრფელად უნდოდა, ახლა ხალხს თავს აგინებინებს, «მოგვატყუა და არაფერიც არ ჩადო ეკონომიკაშიო?».

მთელს ამ გაურკევევლ სიტუაციაში ნათელი მხოლოდ ისაა, რომ აბსოლუტურად არაფერია ნათელი. ეს ბუნდოვანება კი მომდინარეობს პირადად ბიძინა ივანიშვილის უცნაური ხასიათიდან და რამდენიც არ უნდა ვიმკითხაოთ ახლა, რას აპირებს ან რა უნდა მას სინამდვილეში, ვერაფერს გავიგებთ, სანამ საქმე - საქმეზე, ანუ რეალურ ინვესტირებაზე არ მიდგება. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან ბიზნესში (ხაზს ვუსვამ, ბიზნესში და არა საზოგადოებაში, როგორც თვითონ ამბობს ხშირად) დაბრუნებას ის დადებითი შედეგი მაინც მოჰყვება, რომ პოლიტიკურ რისკებთან ერთად რეალურ სიტუაციას მოჰფენს ნათელს, გვიჩვენებს, რასთან გვქონდა და გვაქვს საქმე, ანუ როგორც იქნა უპასუხებს კითხვას: Who is mister Ivanishvili?

"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

 

ავტორი: . .