"დღეს ის საკითხები იყო განხილული, რომელიც აინტერესებს პრემიერს და ის საქმეს ურჩევდა ჟურნალისტებს,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლებთან დღეს გამართული რამდენიმესაათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც რატიანმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "ამ შეხვედრაზე არ იყო საუბარი ქვეყანაში არსებულ ძირითად ღრმა პრობლემებზე, არამედ იყო საქმის გარჩევა ბიძინა ივანიშვილსა და ჟურნალისტებს შორის".
"ჟურნალისტები მას ისედაც ესაუბრებოდნენ პრობლემებზე, ის კიდევ საუბრობდა, როგორ უნდა დალაგდეს ურთიერთობა მასსა და ჟურბნალისტებს შორის. არასწორად მიმაჩნია ტონი, როგორც ის ესაუბრებოდა როგორც ჟურნალისტებს, ასევე ექსპერტებს და საზოგადოებას. რაც შეეხება შეხვედრას, რასაკვირველია შეხვედრები უნდა იყოს, მაგრამ აქ პრობლემა არის ტონში და იმ პრობლემებზე საუბარში, რაც რეალურად არსებობს,"- განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანშვილი დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდა. პრემიერის და ჟურნალისტების აუდიენცცია დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა.