ბიზნესმენი ლევან ვასაძის ფული თანაინვესტირების ფონდის კაპიტალში ამ დროისათვის არ ირიცხება. როგორც თავად ლევან ვასაძე ამბობს ის ინვესტორთა სიაში არ არის და როგორც ბიზნესმენი დამოუკიდებლად მუშაობს.
„მე ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებელთა სიაში ვარ და მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში. მე როგორც ვიცი, მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა საბოლოოდ ჯერ არ დადგენილა და რითაც შემეძლება დავეხმარები. იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ძალიან საჭიროი საქმეა.
ინვესტორებს შორის არ გახლავართ და მე როგორც ბიზნესმენი ცალკე ვმუშაობ. ძალიან დიდი საქმეა. ეს ისაა რაც ქვეყანას სჭირდება"- აცხადებს ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდში 1 მლრდ დოლარი ბიძინა ივანიშვილის ფული, მთლიანი კაპიტალი კი - 6 მლრდ დოლარი იქნება. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორების სია მოიცავს: დაბი ჯგუფს (Dhabi Group), რაკიას (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდს (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელ კომპანიას - ბათუმის ინდუსტრიულ ჰოლდინგს (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგს (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ
ჰოლდინგს (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილს,ალექსანდრე მაშკევიჩს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და სხვა ინვესტორებს