ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, 2013 წლის ბოლომდე დაგეგმილია გამოცხადებული ტვირთების გადატვირთვის მოცულობის ზრდა და დამატებითი ახალი ტვირთების მოზიდვა.
2013 წლის აგვისტოში, ბსნ-ს მშრალი ტვირთის ტვირთბრუნვამ 220 000 ტონა შეადგინა, რაც 12 568 ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. როგორც ბსნ-ს მენეჯმენტი აცხადებს, 2013 წლის აგვისტოში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გახდა რეკორდული ნავსადგურის არსებობის ისტორიის მანძილზე. შესაბამისად აგვისტოს საწარმოო პროგრამის გეგმა 46 000 ტონის (26%) გადაჭარბებითაა შესრულებული.
აგვისტოში ასევე გაიზარდა ქიმიური ტვირთის და ხორბლის გადატვირთვა: ნავსადგურის საერთო ტვირთბრუნვიდან ამონიუმის გვარჯილა მოცულობით 73 429 ტონა (33,4%) და ხორბალი- 30 542 ტონა (13,9%). ზრდა შეინიშნება ასევე ჩამოსასხმელ, ნაყარ და პაკეტირებულ ტვირთებში - 62 684 ტონა (28,4%). 2013 წლის აგვისტოს თვეში მშრალი ტვირთების ნავმისადგომებზე გადამუშავებული გემების რაოდენობამ შეადგინა 30 ერთეული.
ბსნ-ში განმარტავენ, რომ 2013 წლის 8 თვის ტვირთბრუნვის საერთო მაჩვენებელი 1 195 160 ტონას შეადგენს, როცა დაგეგმილი მოცულობა 1 141 000 ტონას შეადგენდა. 2013 წლის საწარმოო პროგრამის გეგმა 1 800 000 ტონას შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური განლაგებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ნავსადგურის ტერიტორია შეადგენს 22,2 ჰა. ნავმისადგომების რაოდენობა- 11. ღია სასაწყობო ტერიტორიების საერთო მოცულობა - 16 412 კვ.მ. ნავსადგურში არის ნავთობტერმინალი (№1, №2, №3 ნავმისადგომები და უნავმისადგომო ჩამოსასხმელი) საკონტეინერო ტერმინალი (№4 და №5 ნავმისადგომები), სანავმისადგომო კომპლექსი ბორნების დამუშავებისათვის, სატვირთო ტერმინალი (ნავმისადგომები) მშრალი ტვირთების დამუშავებისათვის (№6, №7, №8 და №9 ნავმისადგომები) და სამგზავრო ტერმინალი (№10 და №11 ნავმისადგომები).