ENG / RUS       12+

ევროპა იღვიძებს?

როგორც იქნა!

როგორც იქნა ევროპამ მკაფიოდ თქვა, რომ ჩაერევა ურთიერთობებში რუსეთსა და მის მეზობლებს შორის: მას შემდეგ, რაც მოსკოვმა (ანუ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა გენადი ონიშჩენკომ) მთლიანად აკრძალა მოლდავური ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, ევროკომისარმა შტეფან ფულემ, რომელიც ბრიუსელში „სამეზობლო პოლიტიკას" კურირებს, ერთმნიშვნელოვნად თქვა: „თუ რუსეთი განაგრძობს ზეწოლას ჩვენს პარტნიორებზე, რათა მათ არ მოაწერონ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ევროპა იპოვის საშუალებას, რათა დაზარალებულებმა მოახერხონ დანაკარგის კომპენსირება".
კონკრეტულად მოლდოვას შემთხვევაში, ევროპა მზადაა გაზარდოს ქვოტები მოლდოვური ღვინის ექპორტირებისა ევროპულ ბაზარზე. როგორც ჩანს, იგულისხმება შეღავათიანი პირობებით, თორემ რაკი მოლდოვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, არანაირი სხვა შეზღუდვა ღვინის ექსპორტირებისათვის მას არ შეიძლება ჰქონდეს არც ევროპაში და არც რუსეთში, რომელიც დიდი ზარ ზეიმით და საქართველოზე ზეწოლით მიიღეს ამ ორგანიზაცაიში. ევროპის ღვინის ბაზარი კი უდიდესია მსოფლიოში. დაახლოებით ოცჯერ დიდი, ვიდრე რუსეთისა. ამიტომ მოლდოვური ღვინის გასვლა ევროპულ ბაზარზე მართლაც ყველა დანაკარგის სრულ კომპენსირებას ნიშნავს. ფულეს განცხადება შესაძლოა იმასაც ადასტურებდეს, რომ გერმანია, რომელიც, სინამდვილეში, ევროკავშირის „ძრავია", თანდათან იღლება რუსეთის ადვოკატობით და პუტინის „თრევით".
რა თქმა უნდა, ეს ჯერ მხოლოდ მცირე ნაბიჯია, რადგან ევროპა კვლავინდებურად ვერ ბედავს დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი და, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დასვას მოსკოვის მხრიდან მეზობლების დისკრიმინაციის საკითხი. ამ შემთხვევაში გენადი ონიშჩენკომ შეიძლება ფრანგულ ღვინოშიც აღმოაჩინოს უნიკალური რუსული ნორმებით აკრძალული ნივთიერებები, ხოლო გერმანული „მერსედესი" უსაფრთხოების „ადგილობრივ" ნორმებთან შეუსაბამო ნაკეთობად გამოაცხადოს.
სწორედ აქედან გამომდინარე, შტეფან ფულეს განცხადება და, რაც მთავარია, კონკრეტული ქმედებებისათვის მზადყოფნა, ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ამით ევროპა ნათელჰყოფს, რომ აღარ ეშინია იკისროს პასუხისმგებლობა პოსტსაბჭოური ქვეყნების უსაფრთოებისა და მათი თავისუფალი განვითარებისათვის.
ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა: „საბაჟო კავშირში გაწევრება კატეგორიულად გამორიცხავს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას". ესე იგი, შეუძლებელია ქვეყანა ერთდროულად ევრაზიულ პროექტშიც მონაწილეობდეს და, იმავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აწერდეს ხელს. რომ არა ფულეს განცხადება, კიდევ დარჩებოდა ეჭვი, რომ ევროკავშირთან ასოცირება და „თავისუფალი სავაჭრო ზონა" მხოლოდ სიმბოლური გაერთიანებებია, რომლებიც რეალურად არაფერს წარმოადგენენ. მაგრამ რაკი ევროპელი პოლიტიკოსი, ევროპული დიპლომატიისათვის ესოდენ უჩვეულოდ, მკაცრად მიჯნავს ამ ორ პროექტს, მაშასადამე ევროკავშირის „ახლო მეზობლობის პოლიტიკა" და გამომდინარე პროექტები ფუჭი დეკლარაციები აღარაა. განსხვავებით იმავე „ევრაზიული კავშირისაგან", რომლის წევრები, როგორც ვხედავთ, ერთმანეთს ბლოკადებს უწყობენ და ყოველნაირად ცდილობენ „მოწინააღმდეგე" ჩაძირონ: მარტო რუსეთ-ბელორუსეთს შორის ბოლო დროს ატეხილი „სავაჭრო ომები" და სასუქების გამო ატეხილი სკანდალი, აგრეთვე რუსი ბიზნესმენის, ვლადისლავ ბაუმგერტნერის მინსკში დაპატიმრება რად ღირს. აგრეთვე მოსკოვის მიერ სომხეთის „მოხრჩობის" მცდელობა, რამაც ნაწილობრივ უკვე გამოიღო შედეგი. ყველაფრით ჩანს, რომ „ევრაზიული კავშირის" ფანტომური პროექტი პუტინს იმისთვის კი არ სჭირდება, მართლა რაღაც „კავშირი" აღადგინოს პოსაბჭოურ სივრცეზე, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რათა მეზობლები ევროკავშირის არეალში არ შევიდნენ, ხოლო მოსკოვმა სამეზობლო სივრცეზე დომინირება ერთმნიშვნელოვნად შეინარჩუნოს. ნეოიმპერიული სქემაა: „ჩემს მოკავშირეობას არ გთხოვ თუ არ გინდა. მთავარია „იმის" მოკავშირე არ გახდე!"
ამ დროს კი რა ხდება საქართველოში? ჩამოდის გენადი ონიშჩენკოს მორიგი „სანიტარული დელეგაცია", რომელსაც თან რუსი დიპლომატების დესანტი მოჰყვება. ამით მოსკოვი ორ მესიჯს აგზავნის სხვადასხვა მიმართულებით: ერთის მხრივ ჩვენ გვეუბნება, რომ კომიკურნი ვართ, როდესაც ღვინის იმპორტს ვთხოვთ ქვეყანას, რომელთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ ვაპირებთ და მეორეს მხრივ, იმავე ევროპას უჩვენებს, რომ ქართველებს ღვინის ექსპორტი, სინამდვილეში, უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე არსებული „უთანხმოება" ოკუპირებული ტერიტორიების გამო, ხოლო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ პოზიორობაა და მეტი არაფერი. აბა სხვას რას ნიშნავს, როდესაც სანიტრებთან ერთად რუს დიპლომატთა დელეგაციას იღებ? რა დარჩენიათ რუს დიპლომატებს ღვინის ქარხნებსა და საწყობებში?
ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი, ძალზე ბუნდოვანი და გაუგებარი განცხადებები „ევრაზიულ კავშირზე" უეჭველად ადასტურებს, რომ ჩვენს ხელისუფლებას ვერ გაუგია და დღემდე ვერ აღუქვამს მოსკოვის მთავარი მეთოდი: „ორ სკამზე ჯდომას" რუსეთი აღარ დაუშვებს და ყველას აიძულებს, გააკეთონ ერთმნიშვნელოვანი არჩევანი: ან შედიხართ ევროპის არეალში, ან არ შედიხარ და რჩებით მის გარეთ. „ევრაზიულ კავშირში" თქვენს გაწევრებას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია „იქ" არ შეხვიდეთ და დარჩეთ ევროპის გეოპოლიტიკური არეალის მიღმა. მერე ჩვენ რა მოდალობებზე მოვილაპარაკებთ, უკვე სხვა საკითხია და ორმხრივ ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული.
მოლდოვამ და უკრაინამ ერთმნიშვნელოვანი არჩევანი უკვე გააკეთეს. საქართველოს არჩევანი კი, თუ ონიშჩენკოს დიპლომატ-სანიტართა მორიგი ვიზიტის ფორმატითა და პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებებით ვიმსჯელებთ, კვლავაც ბუნდოვანია.


"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .