ENG / RUS       12+

მექა ხანგოშვილი: არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, არ მოხდეს ლაფანყურის საქმის ობიექტურად გამოძიება

რესპოდენტის შესახებ

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლოპოტის ხეობაში მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილოა. როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, აუცილებელია, შექმნას სპეციალური საზოგადოებრივი კომისია, რომელიც სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ მთელ ინფორმაციას შეაგროვებს. ,,შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა, რის გამოც დღემდე უცნობია, რა მოხდა სინამდვილეში. გამოძიება გაჭიანურებულია. კითხვები, რომლებიც ერთი წლის წინ დაისვა, კვლავ ძალაშია. მეტიც, რაც დრო გადის, მეტი კითხვა ჩნდება", _განაცხადა ნანუაჩვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლაფანყურის სპეცოპერაცისთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოჰფენს თუ არა ნათელს ახალი საზოგადოებრივი კომისიის შექმნა ლოპოტის ხეობში მომხდარ სპეცოპერაციას, აუცილებელია თუ არა მსგავსი კომისიის შექმნა და და ვისგან უნდა დაკომპლექტდეს იგი? ,,პრემიერს" საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ესაუბრა.

_ ქალბატონო მექა, უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებით უკმაყოფილოა. იზიარებთ სახალხო დამცველის პოზიციას?

_ ამ საკითხში მთლიანად ვეთანხმები სახალხო დამცველს და მის პოზიციას ვიზიარებ.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე სიმართლის გარკვევა?

_ სამართალდამცავი სტრუქტურები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია საკააშვილისდროინდელი გამომძიებლებით და ეჭვი მაქვს, რომ ხელი ეშლება გამოძიების ჩატარებას.

_ ფიქრობთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება?

_ ალბათ. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, არ მოხდეს ლაფანყურის საქმის ობიექტურად, ოპერატიულად გამოძიება. არის პატარა წრე, რომელმაც იცის, რეალურად რა მოხდა ლოპოტის ხეობაში და არ სურთ გამოაშკარავება.

_ კონკრეტული გვარ-სახელების დასახელება შეგიძლიათ?

_ კონკრეტულ სახელებესა და გვარებს ნამდვილად ვერ დავასახელებ, რადგან არ ვიცი, ვინ ცდილობს, საქმის გამოძიებას ხელი შეუშალოს. ნამდვილად არ ვიცი, თორემ მათი დასახელება არ გამიჭირდებოდა.

_ უჩა ნაუაშვილი ლაფანყურის საქმის შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ახალი კომისიის შექმნა შეცვლის რამეს?

_ ყოველთვის ვეთანხმებოდი, თუ ლოპოტის ხეობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დამატებით ახალი ორგანო შეიქმნებოდა, რომელიც ხელს შეუწყობდა საქმის გამოძიებას. საზოგადოებრივი კომისიის შექმნა ნამდვილად ხელს შეუწყობს ლოპოტის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიებას, ცხადია, კომისია თუ კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტდება.

_ საზოგადოებრივ კომისას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, საჭიროა მსგავსი კომისიის ჩამოყალიბება?

_ მიუხედავად იმისა, რომ კომისიას იურიდიული ძალა არ ექნება, მიმაჩნია, რომ თავისებური ძალა მაინც უნდა ჰქონდეს. მთავარია, კომისია დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, ვისიც საზოგადოებას სჯერა.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ თუ გამოძიება არ დაიძვრებოდა, სხვა ღონეს მიმართავდით, რას გულისხმობდით? ან ახლა რა გეგმები გაქვთ?

_ ასე არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ თუ მოხდებოდა დაღუპული ბიჭებისთვის ტერორისტების იარლიყის მიკერება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვეცდებოდით, ჩვენი სამართალი გვეპოვა.

_ აცხადებდით, რომ თუ დაღუპულების დაზარალებულებად ცნობა არ მოხდებოდა, ევროსასამართლოს მიმართავდით. რას აპირებთ _ მიმართავთ სტრასბურგის სასამართლოს?

_ არ ვიცით განმეორებითი ექსპერტიზის შედეგები, რომლებიც დაღუპულ ქისტებს ჩაუტარდათ. ჯერჯერობით დაველოდებით ექსპერტიზის შედეგებს, გამოძიების დასრულებას და უკვე შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

გაზეთი „პრემიერი", მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .