12 სექტემბერს, 18 საათზე მულტინაციონალური კომპანია „ვენდი" ვისოლ ჯგუფთან ერთად ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებას საქართველოში იწყებს და „ვენდის" პირველ რესტორანს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხსნის. 1000 კვადრატულამდე ფართობზე განთავსებული ორ სართულიანი „ვენდის" ამერიკულ რესტორანს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონას და კაფეს მოიცავს.
ვისოლ ჯგუფი მომავალი რამოდენიმე წლის მანძილზე ამერიკული „ვენდის" რესტორნებს გახსნის როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში. „ვენდის" პირველ რესტორანში 80-მდე ადამიანი დასაქმდება. რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვენდის" რესტორნის ინტერიერი ცნობილმა ამერიკულმა დიზაინერულმა კომპანიამ შექმნა. დიზაინის კონცეფციაზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიზაინის შექმნაში მონაწილეობა ამერიკულ კომპანიასთან ერთად ასევე ქართულმა ორგანიზაციამ Designbureau.ge-მ მიიღო.