ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: დასავლეთის მოთხოვნა თუ ხმების გაყალბება იქნება, მაშინ მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე გავა

რესპოდენტის შესახებ

 საქართველოს ორ თვეზე ნაკლებ დროში ახალი პრეზიდენტი ეყოლება. როგორც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს სახელისუფლებლო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს და ის პირველსავე ტურში გაიმარჯვეს. ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და კოალიცია ,,ქართული ოცნების" მომავალზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ წია წლებთან შედარებით არსებული წინასაარჩევნო გარემო იდეალურია.

_ ბატონო რამაზ, თქვენ როგორც პოლიტოლოგი რას ფიქრობთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, აკმაყოფილებს ის თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს?

_ იმ გამოცდილების ფონზე, რაც წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვაქვს, აკმაყოფილებს კი არა იდეალურია.

_ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების განმარტებით, არსებული საარჩევნო გარემო არადემოკრატიულია, რადგან მათ მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებზე ზეწოლა ხორცილდება?

_ ამბობენ, ენას ძვალი არ აქვსო, მაგრამ ,,ნაციონალური მოძრაობის" ენას, ხომ საერთოდ არაფერი არ ქვს. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვახსოვს რა ხდებოდა არჩევნების წინა პერიოდში_ ოპონენტი პარტიებიდან ხალხის დაპატიმრება, სატელიტური თეფშების დაპატიმრება, მედიაზე ზეწოლა და ა.შ. დღეს რამე ასეთი ხდება?_არა. ამიტომ სასურველი იქნება ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" არსებული ვითარება უფრო ადეკვატურად შეაფასოს.

_ რის თქმა შეგიძლიათ საპრეზიდენტო კანდიდატებზე, ვინ მიგაჩნიათ მთავარ ფავორიტად?

_ სოციოლოგია ლაპარაკობს, რომ მთავარი ფავორიტი კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია.

_ ერთპიროვნულად შეგიძლიათ თქმა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდება?

_ არჩევნებს მოულოდნელობები ყოველთვის ახლავს, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი გიორგი მარგველაშვილს აქვს.

_ როგორ ფიქრობთ, ვინ არის მარგველაშვილისთვის მთავარი კონკურენტი ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე თუ ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე?

_ მგონი, დავით ბაქრაძეს შანსი არ აქვს.

_ ნინო ბურჯანაძეა მთავარი კონკურენტი?

_ დიახ. პიროვნულად დავით ბაქრაძე ზომიერი პოლიტიკოსია და მოსახლეობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ საკუთარი პარტია ჰყავს შარიანი და სწორედ საკუთარმა პარტიამ უმტყუნა. შესაბამისად ლოგიკურად გამოდის, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის მთავარი კონკურენტი ნინო ბურჯანაძეა.

_ როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურს, თუ ყველაფერი პირველსავე ტურში გაირკვევა?

_ მმართველი პარტია საუბრობს, რომ მათი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, ის კონცენტრაცია, რაც არსებულ საარჩევნო კამპანიას ახლავს დაფანტავს ხმებს და მეორე ტურის აუცილებლობას გააჩენს.

_ გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია ,,ქართული ოცნება" მუშაობს იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ბაქრაძე გაიყვანოს. თქვენ პირადად განიხილავთ ამ ვერსიას და რაში უნდა სჭირდებოდეს ამგვარი ტაქტიკა ,,ქართულ ოცნებას"?

_ არ მესმის რატომ უნდა სჭირდებოდეს კოალიციას დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანა, რადგან ,,ნაციონალურ მოძრაობა" მოსახლეობისთვის მიუღებელია. თ ამომრჩევლისთვის მიუღებელი ოპონენტი თუ კოალიციისთვის უფრო სასურველია, ამას ბიძინა ივანიშვილის გუნდს ხალხი ყოველთვის წამოაძახებს.

_ ქართველი ხალხი არც ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაციის მომხრე იყო, მაგრამ კოალიცია ამაზე წავიდა?

_ კოჰაბიტაციაზე ,,ქართული ოცნება" წავიდა არა ქართველი ამომრჩევლის სურვილით, არამედ დასავლეთის მოთხოვნის გამო. ამ დღეებში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც, რომ ერთი კაციც, რომ დაეჭირათ ვილნიუსის სამიტზე არც მიგვიშვებდნენ. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ვალდებულია ანგარიში გაუწიოს დასავლეთის აზრს.

_ იქნებ იგივე დასავლეთის მოთხოვნაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გავიდეს?

_ კი შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ამომრჩევლის ხმების დიდი გაყალბებით. დასავლეთის მოთხოვნა თუ ხმების გაყალბება იქნება მაშინ მეორე ადგილზე გავდა დავით ბაქრაძე.

_ მინდა გკითხოთ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მომავალზე, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მალევე დაიშლება კოალიცია?

_ ზოგადად ამხელა წარმონაქმნი კოალიციის სახით დიდი ხნის განმავლობაში ვერ ძლებს. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და სავარაუდოდოდ, ამ არჩევნებში კოალიციაში შემავალი პარტიები ცალკეულ ერთეულებად წარსდგებიან.

_ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე მიაღწევს კოალიცია, თუ მანამდე დაიშლება?

_ საპარლამენტო სტრუქტურაში შეიძლება კოალიციის სახით იყოს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცალკეული პარტიების სახით წარსდგნენ.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .