,,ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შევთავაზებ, გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში,რომელიც მის პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე არსებულ ვითარებას ეხება.
ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულად მისი შემცვლელის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის ყველა დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს.
ივანიშვილის განმარტებით, მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.
,,მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ - პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის. გარდა უშუალოდ მთავრობის გამართული საქმიანობისა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ევროპული ღირებულებების მატარებელი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თავისუფალია ტრადიციული მესიანისტურ-ავტორიტარული მიდრეკილებებისგან", _აცხადებს ივანიშვილი.