დღეიდან გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გადასახადი შემცირდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთის მხარისგან მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, არსებული სატრანზიტო გადასახადის საქართველოსთვის მნიშვნელოვნად შემცირების თაობაზე.
2013 წლის პირველი სექტემბრიდან, ტრანზიტულნომრიანი ფურგონის ტიპის ე.წ. პანელ ვან-ების და მიკროავტობუსების თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის, მათი მფლობელები მოქმედი ტრანზიტის გადასახადის (600 ევრო და 1200 ევრო) ნაცვლად გადაიხდიან გადასახადის ¼-ს, კერძოდ: 150 ევროს - ცარიელი სატრანსპორტო საშუალებისთვის და 300 ევროს - დატვირთული სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ცნობისთვის, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით 2004 წლიდან ტრანზიტულ სანომრენიშნიან დახურული ფურგონის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია ტრანზიტის გადასახადი (ცარიელ სატრანსპორტო საშუალებაზე - 600 ევრო, დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე - 1200 ევრო), რომელიც ვრცელდება ყველა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და 2013 წლის 1 ივლისამდე გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ საქართველო.
2013 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მიმართაც ამოქმედდა დროებით შეჩერებული ზემოაღნიშნული სატრანზიტო გადასახადი და ივლისის დასაწყისში თურქეთის საზღვარზე გაჩერებულ იქნა ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი რამდენიმე ათეული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელთა მფლობელებმა დაწესებული თანხა ვერ გადაიხადეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ თურქეთის მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება, აღნიშნული გადასახადის დროებით შეჩერებისა და მისი გადახედვის თაობაზე.