ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის გახსნა დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ამბროლაურში ღვინის ფესტივალზე განაცხადა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსულ ბაზარზე იაფიანი ღვინის მოთხოვნაა.
"ეს ღვინოები არის ძალიან ძვირი ღვინოები, უნიკალური ღვინოები, მსოფლიო ბაზარზე ღირს 100 დოლარი, 200 დოლარი, როგორც ღირს ყველაზე მაგარი იტალიური ღვინოები. რუსეთში არის მოთხოვნა იაფ ღვინოებზე. ჩვენი ღვინოები რომ შევიტანეთ 30 დოლარი და ზემოთ ღირს. ჩემი ინფორმაციით, დაიწყეს დამზადება იაფი ღვინის. რუსეთს, რა ფასადაც უნდა მივცეთ ღვინო 8 დოლარად? 8 დოლარად რომ გაყიდო "ხვანჭკარა", აქ უნდა ღირდეს 2 დოლარი. ასეთ ფასად "ხვანჭკარა" ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ რეალურად ვდგავართ დიდი საფრთხის წინაშე,"- აღნიშნა სააკაშვილმა.
სააკაშვილის ინფორმაციით, იგი პრეზიდენტობიდან წავლის შემდეგ მეღვინეობის სფეროში, განათლებაში აპირებს ენერგიის ჩადებას.
"ამერიკელები ჩამოვიდნენ და ფულს დებენ იმაში, რომ ქართული ტრადიციული ღვინოები დაბრუნდეს ქართულ მეურნეობაში. ლაყბობა და ტყუილია, რასაც რუსები მუდმივად თავზე გვახვევენ, რომ ამერიკელები არიან გამანადგურებლები და ჩვენი კულტურის დამანგრევლები. აგერ არის ამერიკელი ქალბატონი, რომელმაც ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც გადაშენების პირას იყო, დაგვეხმარა, რომ ქართული ტრადიციული ჯიშები აღორძინდეს და ქართული მეღვინეობა განვითარდეს," - განაცხადა სააკაშვილმა.