მულტინაციონალური კომპანია „ვენდი" ვისოლ ჯგუფთან ერთად ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებას საქართველოში იწყებს და 12 სექტემბერს „ვენდის" პირველ რესტორანს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხსნის. 1000 კვადრატულამდე ფართობზე განთავსებული ორ სართულიანი „ვენდის" ამერიკულ რესტორანს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს, სათამაშო ზონას და კაფეს მოიცავს. „ვენდის" კაფეში უმაღლესი კლასის ყავისა და დესერტის შესათავაზებლად „ვენდის" პერსონალს პროფესიული ტრენინგი ყავის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილების მქონე იტალიური ბრენდის „ტრუჩილოს" საერთაშორისო ექსპერტმა სტავროს ლამპრინდისმა ჩაუტარა.
„საქართველოს დინამიურად მზარდ ბაზარზე შემოსვლა "ვენდის" აღმოსავლეთ ევროპაში განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ გვეამაყება, რომ ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად „ვისოლ ჯგუფს" ერგო წილად როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. „ვენდისათვის", ისევე როგორც ვისოლ ჯგუფისათვის, პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხი უმთავრესი პრიორიტეტია. ვენდი აშშ-ი ერთ-ერთი წამყვანი და ცნობილი ბრენდია. ის გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით. ის ბაზარზე უკვე 44 წელია არსებობს და აშშ-ში ვინც არ უნდა გააჩეროთ ყველა გეტყვით თუ რა ხარისხია „ვენდიში". თბილისში „ვენდის" რესტორანი 12 სექტემბერს გაიხსნება. შევეცადეთ რომ კარგი გამოსულიყო და მოვახერხეთ ისე, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდი" შევქმენით. ასევე დავამატეთ ფუნქციონალური ზონები: „ვენდის" კაფე და სათამაშო ზონა და დღესასწაულების ცენტრი. ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 8 თვის განმავლობაში მის კონცეფციაზე აქტიურად ვმუშაობდით",- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. „ჩვენ გვჯერა, რომ „ვენდის" უგემრიელესი საფირმო კერძები - საქონლის და ქათმის ხორცის ბურგერები, „ჩილი", ბოსტნეულის სალათები, გამომცხვარი კარტოფილი, რომლებიც შეკვეთისას მზადდება, და მრავალი სხვა ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი მოხიბლავს. "ვენდის" კაფე კი თბილისში გამორჩეული იქნება პრემიუმ კლასის უგემრიელესი ყავითა და დესერტებით. სწორედ ამიტომ გაიარა „ვენდის" პერსონალმა თვეების მანძილზე პროფესიული ტრენინგი როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში".
იტალიური „ტრუჩილოს" ექსპერტი სტავროს ლამპრინდისი ბარისტათა 12 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურიატია. „ვენდის" კაფე მისი დახმარებით ერთგულ მომხმარებელს 15 სახეობის უგემრიელეს ყავას შესთავაზებს, როგორიცაა: ესპრესო. ესპრესო მაკიატო, ამერიკანო, კაპუჩინო, ლატე, კარამელ მაკიატო, მოკა და სხვა.
ვისოლ ჯგუფი მომავალი რამოდენიმე წლის მანძილზე ამერიკული „ვენდის" რესტორნებს გახსნის როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში. „ვენდის" პირველ რესტორანში 80-მდე ადამიანი დასაქმდება. რუსთაველის გამზირზე მდებარე „ვენდის" რესტორნის ინტერიერი ცნობილმა ამერიკულმა დიზაინერულმა კომპანიამ შექმნა. დიზაინის კონცეფციაზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიზაინის შექმნაში მონაწილეობა ამერიკულ კომპანიასთან ერთად ასევე ქართულმა ორგანიზაციამ Designbureau.ge-მ მიიღო.