ENG / RUS       12+

აფეთქება აჭარაში: სამოქალაქო იდენტობის ნგრევის შედეგი

იმას, რაც სამცხეში, შედეგ კი აჭარაში მოხდა მინარეთთან დაკავშირებით, ერთი დადებითი შედეგი მაინც აქვს: საწყისშივე გვახსენებს პრობლემის არსებობას, რომელსაც ბოლო დრომდე ვერ ვამჩნევდით, - მივიწყებული იყო ან იმდენად „აბეზარი", რომ თავიდან ვიშორებდით. არადა, პრობლემა არსებობს. თანაც ძალიან სერიოზული და ბევრად უფრო მრისხანე, ვიდრე ზოგიერთს ეჩვენებოდა, ვინაიდან აქ საუბარია არა აზერბაიჯანელ მუსლიმებზე, არამედ ქართველ მაჰმადიანებზე!

იუსტიციის მინისტრმა, თემაზე საუბრისას, გამაოგნებელი არგუმენტი მოიყვანა: „ევროპაში რეფერენდუმებს ატარებენ მინარეთების შესახებო". როგორ შეიძლება ასეთი არაკომპეტენტური ადამიანი იყოს საქართველოს მინისტრი?!!! დიახ, შვეიცარიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში მართლაც ჩატარდა, მინაერთების თაობაზე, ან რეფერენდუმი, ან პლებისციტი (ესე იგი საზოგადოებრივი აზრის ოფიციალური გამოკითხვა) მაგრამ იმ ქვეყნებში მაჰმადიანები ემიგრანტები არიან! ეს კი სულ სხვა სოციო-კულტურულ მოცემულობას ქმნის. შვეიცარიაში, ინგლისში ან სკანდინავიაში ისლამი არ არის ტრადიციული, ძირძველი რელიგია. ხოლო საქართველოში, მოსწონს ვინმეს თუ არა, სწორედ ასეა და რაც ყველაზე მთავარია, ისლამი ეთნიკურ ქართველთა დიდი ნაწილისთვისაც ტრადიციული, მამაპაპეული რწმენაა. დღეს ისინი სულ უფრო აქტიურობენ, რათა დაიცვან საკუთარი რელიგია, ანუ იდენტობა!

იყო ეპოქა, როდესაც იდენტობას არა ეთნოსი, არამედ რელიგიური რწმენა განსაზღვრავდა: „ქართველი" ნიშნავდა ქრისტიანს და პირიქით. შესაბამისად, „მაჰმადიანი" - არაქართველს. ეს გაგება მხოლოდ მას შემდეგ დაინგრა, რაც რელიგიური იდენტობა სამოქალაქო შეგნებამ ჩაანაცვლა. სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში ყველაფერი გაკეთდა, რათა სამოქალაქო იდენტობა ისევ რელიგიურით შეცვლილიყო, ეკლესიას კი განმსაზღვრელი სახელმწიფოებრივი ფუნქცია დაკისრებოდა. „სამოქალაქო სივრცე" დაირღვა ქრისტიანული იდენტობისათვის დამახასიათებელი კორელანტებით და აი, შედეგიც: ეთნოსის იმ ნაწილისთვის, რომელიც, ტრადიციულად, მამა-პაპეულად (ყოველ შემთხვევაში სადღაც მე - 16 საუკუნიდან), სხვა რელიგიური იდენტობის მატარებელი იყო, ეს „ჩანაცვლება" საბოლოოდ მიუღებელი აღმოჩნდა და შინაგანმა წინააღმდეგობამაც იფეთქა.

1998 წლიდან, როდესაც ელდარ შენგელაია და მისი თანამოაზრენი „ხუთჯვრიანი დროშის" სახელმწიფო სტატუსისთვის ბრძოლას იწყებდნენ, მათ ვერაფრით შეასმენდი, რომ ისეთი რთული ისტორიისა და „კონსტრუქციის" ერისთვის, როგორიც ქართველობაა, ეს ფარულ, ლატენტურ წინააღმდეგობებს და პრობლემებს შექმნიდა, რომლებიც ბოლოს მაინც „გადმოხეთქავდნენ". ის ძველი, შინდისფერი, სამფეროვანი დროშა თუ უგვანი და მხატვრული თვალსაზრისით არაესეთეტიური იყო, იგი სამფეროვანი დროშითვე უნდა შეცვლილიყო, რადგან საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან მოყოლებული, ასეთი დროშა სამოქალაქო სივრცისა და სამოქალაქო იდენტობის სიმბოლოა, რომელიც რელიგიურ იდენტობას უკუაგდებს და „სამოქალაქო ერის" (ნაციის) მთლიანობას უზრუნველყოფს. და თუ ვინმეს ჰგონია, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ პრობლემებში, რაც ახლა წარმოიქმნა აჭარაში, - ძალიან ცდება. ამაშიც სულ მალე დავრწმუნდებით.

ერთადერთი შველა და ხსნა, რათა ერი წყეული წარსულისაგან გათავისუფლებულიყო და სამოქალაქო მთლიანობისთვის მიეღწია (ანუ შემდგარიყო, როგორც Nation - ევროპული გaგებით) მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო სივრცე და სამოქალაქო შეგნება იყო. ქართულმა ელიტამ და ყველა ხელისუფლებამ კი, სახელმწიფოთშემოქმედი და მაიდენტიფიცირებელი ფაქტორის როლი ერთ-ერთ რელიგიურ მიმდინარეობას დააკისრა! ისევ და ისევ, აი შედეგიც: წინააღმდეგობამ იფეთქა იქ, სადაც ყველაზე მეტი „ფეთქებადი მასალა" აღმოჩნდა და იფეთქა მაშინ, როდესაც შესაბამისი ვითარება შეიქმნა: ანუ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ჩანაცვლდა სუსტი, წინააღმდეგობრივი, გაუბედავი, დაბნეული მმართველობით, რომლის ლიდერებმა საეჭვოა თავად იცოდნენ რა უნდათ, ან რა „პროექტი" გააჩნიათ ქვეყნის განვითარებისა მას შემდეგ, რაც „მიშა მოიშორეს".

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილიც სწორედ იმიტომ აპირებს „წასვლას", რომ ახლაღა მიხვდა: ხელისუფლება მხოლოდ უფლებებს ან ნატვრის ასრულებასა და საძულველი მტრის მოშორებას კი არ გულისხმობს, არამედ გულისხმობს შემდგომ პასუხისმგებლობასაც! გულისხმობს იმას, რომ ხელისუფალმა უნდა მიღოს რთული, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებებზე თავად აგოს პასუხი. ახლა აღადგენს მინარეთს? - ამით სისუსტეს გამოამჟღავნებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაკი სინამდვილეში არავის სჯერა, რომ მინარეთის მოხსნა მართლა „სასაქონლო ექსპერტიზის მიზნით" და „საგადასახადოს" ინიციატივით მოხდა. ანუ, ეს აშკარა უკანდახევა და სისუსტის გამოვლინება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. არ აღადგენს და აჭარის მუფტი უკვე აცხადებს: „სიტუაცია საათობრივად იძაბება!".

კი მაგრამ, აბა როგორ გინდათ ბატონებო? სად გაგონილა ძალაუფლება პასუხისმგებლობის გარეშე? ხელისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობაა, პოლიტიკა კი ბევრად რთული მეცნიერებაა, ვიდრე თუნდაც ყველაზე წარმატებული ბანკის შექმნა და მილიარდების შოვნა. „მე მივდივარ, ეს რა შარში მოვხვდი, თავი დამანებეთ, როგორმე მივაღწიო 27 ოქტომბრამდე და აქეთ აღარც გამოვიხედავო" - დიდი ვერაფერი პასუხია ამ გამოწვევებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტყუილად ნურავინ შეეცდება ახლა ამ ვითარებიდან იოლი გამოსავალის პოვნას: აქაოდა, „რა მოხდა, იყოს მეჩეთი მინარეთის გარეშე" ან „რა დაშავდება თუკი მინარეთიც იქნება. . " და ა.შ. მინაერთი მხოლოდ ნაგებობა და არქიტექტურული ატრიბუტი როდია: იგი შესაბამისი იდენტობის გავრცელების (!) საშუალებაცაა. ვისაც სისხამ დილით მუეძინის ხმამაღალი გოდება არ მოუსმენია, ვერც მიხვდება აქ რაზეა საუბარი, თუმცა სულ მალე მიახვედრებენ, რა არის ამ „ნაგებობის" ჭეშმარიტი დანიშნულება!

ისე, ძალიან მაინტერესებს, რომელ სოროშია ახლა შემძვრალი ის ხალხი, ვინც თავის დროზე ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევას აპროტესტებდა, ან ბათუმში ახალი, დიდი მეჩეთის აშენებას ეწინააღდმეგებოდა მიტინგებზე? ამასაც ვნახავთ, თუ არ აშენდება. ხელმოწერებს რომ აგროვებდნენ იმავე ადიგენში მინარეთის დანგრევის მოთხოვნით, ძალიან ვაჟკაცები იყვნენ! მაგრამ როგორც კი „მეორე მხარეს" ძალა და ქმედების ნება იგრძნეს, უმალ ჩაისვარეს და მოჰყვნენ საწყალობელ კნავილს: „არა, მე არ მომიწერია ხელი, სხვამ ჩემს ნაცვლად მოაწერაო". საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია უცილობლად ადასტურებს, რომ მთხლე ყოველთვის წააგებს იმასთან, ვინც მზადაა ქმედებებისა და თუნდაც თავგანწირვისთვის!

ღმერთმა ნუ ქნას იდენტობის გახლეჩა, თორემ ამგვარ დაპირისპირებებს შემდგომ საკუთარი ლოგიკა აქვთ: „შენ თუ მინარეთი და მუეძინის კივილი გაღიზიანებს, მე ეკლესია და ზარების რეკვა მიშლის ნერვებს" და ა.შ. და ა.შ.


ერთადერთი გამოსავალი, უფრო ზუსტად ერთადერთი საშუალება ამ უბედურების თავიდან აცილებისა სამოქალაქო სივრცის დამკვიდრება და სამოქალაქო შეგნების განმტკიცება იყო, როდესაც, მაგალითად, ბათუმის ველობილიკი, „ბუნგალო", ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, წარმატებული კომერცია, ტურიზმი და ლამაზი ცათამბჯენი, ან ბათუმის ბულვარში ბიკინის ამარა გამოსული გოგონები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური დღესასწაულები და ის, აშენდება თუ არა ფერიას მთაზე ეკლესია ან ბათუმში აზიზიეს მეჩეთი. ვინაიდან, თუ ერის ერთი ნაწილი იმდენად გაჟღენთს ყოველდღიურობას ქრისტიანული იდენტობით რომ „ცნობის" აუცილებელი ატრიბუტი ხდება (ძველქართული „გამარჯობის" ნაცვლად), „მრავალ მარიამობას" ან „მრავალ აღდგომას" დაესწარი, მაშინ იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ ამ ერის მეორე ნაწილი ასევე განიმსჭვალება ალტერნატიული იდენტობის კორელანტით და იმავე „გამარჯობის" ნაცვლად „თანამემრევლეს" ეტყვის: „მრავალ ურაზა ბაირამს დაესწარი!".

სულ მალე კი ისინი ერთმანეთს საერთოდ ვეღარც იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ენაზე ილაპარაკებენ. ისევე, როგორც სერბები და ბოსნიელები ლაპარაკობენ ერთ ენაზე.

უფალო, შენ მაინც დაგვიფარე და გვიხსენი ამ საშინელებისაგან, თორემ სხვა, როგორც ჩანს, ჩვენი მშველელი არავინაა.

"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

ავტორი: . .