საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტი იზრდება. „საქსტატის" ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში სიგარეტისა და სიგარის იმპორტი თითქმის 37 %-ითაა გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 4 მლრდ 107 მლნ 865 ათასი ცალი (ღერი) თამბაქოს ნაწარმის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 3 მლრდ 1 მლნ 709 ათასი ღერი თამბაქოს იმპორტია განხორციელებული.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობით თამბაქოს ნაწარმის იმპორტი უკრაინიდან ხდება და ამ ქვეყანაზე მთელი იმპორტის 80 %-ი მოდის. 2013 წლის 7 თვეში უკრაინიდან საქართველოში 41 მლნ 549 ათასი დოლარის სიგარეტისა და სიგარის იმპორტია განხორციელებული.
სიგარეტის იმპორტის მხრივ იმპორტიორ ქვეყნების ჩამონათვალში მეორე პოზიციაზე ბულგარეთია, საიდანაც საქართველოში 226 მლნ 540 ათასი ცალი თამბაქოს ნაწარმი შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც 3 მლნ 368 ათას 400 დოლარი შეადგინა. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერ პოზიციაზე არიან ასევე: სომხეთი, გერმანია და რუსეთი.
2013 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მთლიანობაში 56 მლნ 537 ათას 600 დოლარის თამბაქოს პროდუქციის იმპორტია განხორციელებული.
რაც შეეხება 2012 წელს, საქართველოში მთლიანობაში 5 მლრდ 990 მლნ 552 ათასი ცალი სიგარეტისა და სიგარის იმპორტია განხორციელებული, ხოლო 2011 წელს კი 5 მლრდ 260 მლნ 841 ათასი ცალის. 2012 წელს საქართველოში 90 მლნ 564 ათას 900 დოლარის თამბაქოს პროდუქვციის იმპორტია განხორციელებული.