საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ,,საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების'' ხომალდების ინსპექტირება დაასრულა. ,,საქართველოს საერთაშორისო ავიახაზების" ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ საარბრუკენში დასრულდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინსპექტორების მივლინება, რონლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური შემოწმების პროცედურები განახორციელეს.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორი სპეციალისტი ჩვენი ავიაკომპანიის საფრენოსნო-ტექნიკური დირექტორის თანხლებით სამი დღის განმავლობაში იმყოფებონენ ქალაქ საარბრუკენში ჩვენი ავიაკომპანიის მიერ საქართველოში 2 F-100-ის ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
ინსპექტირების შედეგად დადასტურდა ავიაკომპანიის კუთვნილი F-100-ის ტიპის საჰაერო ხომალდების დამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობა და საფრენოსნოდ ვარგისიანობა"- განმარტავენ ავიაკომპანიაში.
„საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებში" განმარტავენ, რომ ინსპექტირების შემდგომ საჰაერო ხომალდების საქართველოში ჩამოყვანა მოხდება, რაც სავარაუდოდ სექტემბრის პირველ ნახევარში განხორციელდება.
„აღსანიშნავია ის ფაქტის რომ ავიაკომპანიის სერთიფიცირებისთვის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაწესებული აქვს სერიოზული ნორმატივები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილებას ჩვენმა ავიაკომპანიამ 3 თვეზე მეტი მოანდომა. ხსენებულ ვადაზე ადრე ვერ მოხერხდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი სერტიფიცირების ნორმატივების გავლა, რათა უფრო მოკლე ვადაში დასრულებულიყო სასერთიფიკაციო პროცედურები.
დღეისათვის ჩვენი ავიაკომპანია სრულადა არის მომზადებული ოპერირების დასაწყებად, ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის დაზუსტება, ფრენების და გაყიდვების სისტემის დაპროგრამება"- აცხადებენ ,,საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებში".