თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით გაიზარდა.
ბიუჯეტის გაზრდის თაობაზე თბილისის მერიის ინიციატივას მხარი თბილისის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, "თავდაპირველად, საკრებულოს წევრებს შორის მერიის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოოდ ერთიანი პოზიციის შეჯერება მოხერხდა".
"მინდა ვუთხრა თბილისელებს, რომ საკრებულო, როგორც წარმომადგენლობითი ორგანო, ყოველთვის იმ პოლიტიკის გამტარებელი იქნება, რომელიც მიმართული იქნება მწვავე პრობლემების გადაჭრისკენ", - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 2013 წლის ბიუჯეტის გაზრდის ინიციატივით დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს გასულ კვირას მიმართა. უგულავას თქმით, აღნიშნული თანხა სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, თბილისს შემოერთებული რაიონების განვითარებას და დედაქალაქის მაცხოვრებელთა მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარებას მოხმარდება.