აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესათან ერთად მახინჯაურში, ყოფილ ჩვილ ბავშვთა სახლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მინახულეს, სადაც მალე „სარეაბილიტაციო ცენტრი „თანა" განთავსდება.
შენობის სრულ რეკონსტრუქციას „თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო" ახორციელებს. ამჟამად, სამუშაოები შენობის ოთხივე სართულზე მიმდინარეობს, იცვლება კარ-ფანჯრები, ელექტრო გაყვანილობა, წყლის და კანალიზაციის სისტემა, გათბობის სისტემა, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო და დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, შენობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი და მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი განთავსდება. მოხარული ვარ რომ ორგანიზაციამ „თანამ" ამ ცენტრის რეაბილიტაცია გადაწყვიტა და სახელმწიფოს თანადგომით პროექტი შედგა."- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
„ჩვენ გვაქვს გეგმაში რაიონებიდან ჩამოვიყვანოთ ბავშვები და აქ 25 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გავატაროთ. რა თქმა უნდა გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს"-აცხადებს სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას" დირექტორი ნანა საყვარელიძე.
ობიექტი სამედიცინო ასოციაცია „თანას" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელის დასაწყისში 10 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა. - სარეაბილიტაციო ცენტრი "თანას" აღდგენითი სამუშაოების მონახულება
მასალის გამოყენების პირობები