2013 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტებით 28.43%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტებით. 584 ათას 703 მგზავრმა ისარგებლა, მაშინ როდესაც 2013 წელის 6 თვეში ეს მონაცემი - 750 ათას 910 მგზავრი იყო. როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2013 წელს მგზავრთნაკადი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.43%-ითაა გაზრდილი,
მთლიანობაში 2012 წელს საქართველოს აეროპორტებით 1 მლნ 403 ათას 529 მგზავრმა ისარგებლა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.38% მეტი მგზავრი გაატარა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტმა 610,053 მგზავრი გაატარა, მაშინ როდესაც 2012 წლის 6 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტით 524,199 მგზავრმა ისარგებლა.
2013 წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გადაადგილებისთვის გამოიყენა 81 ათას 731 მგზავრმა, მაშინ როდესაც 2012 წლის 6 თვეში აეროპორტში ჩამოფრინდა, ან აეროპორტიდან გაფრინდა 59 ათას 587 მგზავრი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 37.16%-ითაა გაზრდილი.
სამაგიეროდ, მესტიის თამარ მეფის აეროპორტში მგზავრთნაკადი, შემცირდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივნისში მესტიის თამარ მეფის აეროპორტით 158 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში კი 916 მგზავრმა. შესაბამისად 2013 წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მესტიის თამარ მეფის აეროპორტით 82,75 %-ით ნაკლებმა მგზავრმა ისარგებლა.
რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს, რეაბილიტაციის შემდეგ რეგულარული ფრენები ძირითადად 2013 წლის დასაწყისიდან დაიწყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 2013 წლის იანვარ-ივნისში 58,968 მგზავრმა ისარგებლა.