ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დაცვით ბაქრაძემ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს მიმართა და მოუწოდა, რომ შეთანხმდნენ ქართულ პლლიტიკაში ერთად დაამარცხონ ძალადობა და სიძულვილი.
"დღეს მივმართავ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის ჯერ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ამიტომ მოდით, სწორედ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რომელი ჩვენგანიც არ უნდა იყოს ეს, ახალი პრეზიდენტის ამოცანა იქნება ძალადობის და სიძულვილის დამარცხება ქართულ პოლიტიკაში
ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირისპირების, შუღლის და დაძაბულობისგან. შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება და მთელი ჩვენი ენერგია მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და ხალხის უკეთ ცხოვრებას. მაშინ, როდესაც ჩვენ მთლიანად დაკავებული ვართ ერთმანეთთან ჩხუბით, გვავიწყდება, რომ ხალხს სჭირდება დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაზრდილი პენსია, სოფლის განვითარება, აშენებული ინფრასტრუქტურა, წესრიგი და ევროპული მომავალი.
სწორედ დაპირისპირების შედეგია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი: ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, დაკარგული სამუშაო ადგილები შეუსრულებელი ბიუჯეტი, შემცირებული ვაჭრობა, დაკარგული უცხოური ინვესტიციები; დაპირისპირების შედეგია მთავრობის შეუსრულებელი დაპირებები და დამსხვრეული ოცნებები; დაპირისპირების შედეგია ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით გაჩენილი მწვავე კითხვის ნიშნები ჩვენი მთავარი ევროპელი და ამერიკელი პარტიორების მხრიდან; დაპირისპირების შედეგია გათავხედებული ოკუპანტი, რომელიც ყოველდღე აგრძელებს მავთულხლართების გატარებას და ჩვენი მიწების მიტაცებას.
ამიტომ გთავაზობთ, ვიმუშავოთ ერთად ქვეყნის განვითარებისთვის. და თუ დღევანდელ მთავრობას არ ჰყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია, რომ თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის ზრდა და უზრუნველყოს შეუქცევადი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა მზად ვართ, დავეხმაროთ და ვიმუშაოთ მთავრობასთან ერთად ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
სწორედ ეს უნდა იყოს ახალი პრეზიდენტის ძირითადი ამოცანა: გააკონტროლოს მთავრობა ხალხთან ერთად, რომ საკუთარი ენერგია და რესურსი მთავრობამ დახარჯოს საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად", - განაცხადა ბაქრძემ.