საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების განიხილეს დღეს, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ავღანეთიდან ნატოს კოალიციური ძალების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გამოყვანის ალტერნატიულ გზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და აშშ-ის ტრანსპორტირების სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ უილიამ ფრეიზერმა იმსჯელეს.
ამერიკელ გენერალთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზადყოფნას საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის უზრუნველყოფისთვის. შეხვედრაზე აშშ-ის ტრანსპორტირების სარდლობის წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J4/J8 ლოგისტიკური ოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა მაიორმა გიორგი ახალმოსულიშვილმა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა.
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებისა და ჩრდილოეთის სატრანზიტო მიმართულებას დიდი ყურადღებითა და მონდომებით სწავლობენ. „როდესაც ავღანეთში ნატო-სა და ამერიკის შეიარაღებული ძალების შემცირება დაიწყება, ტექნიკის გაყვანის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა საქართველო იქნება. ჩვენი ქვეყანა კარგ ინფრასტრუქტურას სთავაზობს, აქვს კარგი შესაძლებლობები, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გამოიყენონ. ძალიან დეტალური დისკუსია გვქონდა - გავაცანით ჩვენი ხედვა იმ შესაძლებლობებზე, რაც გვაქვს. როგორც გენერალმა აღნიშნა, ჩვენი ურთიერთობების მომავალი იმდენად მტკიცეა, რომ ეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები