საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის საქართველოს მთავრობის კონსულტანტად დანიშვნას არ ადასტურებს. როგორც ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განაცხადა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა მოხარული იქნებოდა თუ მსგავსი დონის პოლიტიკოსი მისი მრჩეველი იქნებოდა.
,,ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა ისეთი პოლიტიკოსი, როგორც კონდოლიზა რაისია ჩემს მრჩევლობას იტვირთავდა და მადლობასაც გადაუხდიდი, მაგრამ ეს ინფორმაცია ცდომილებაა", _განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას თავისი დახმარება შესთავაზა, იმისათვის რათა ახალი ხელისუფლება „უკეთ გაერკვეს ვაშინგტონის კონიუქტურაში". ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქართული მხარისა და რაისის შეხვედრა კალიფორნიის შტატში, სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რაისი პოლიტოლოგიის პროფესორად მუშაობს.
„ეს იყო ძალიან კარგი და თბილი მოლაპარაკებები", _ აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ მისი გამოცდილების გამოყენების ინიციატივა თავად რაისისგან მოდიოდა.
„რაისი მხარდაჭერას დაგვპირდა და უკვე რჩევაც კი მოგვცა რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით, რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით", _ აღნიშნავს ჯაფარიძე „იზვესტიასთან" საუბარში.
გაზეთის ინფორმაციით, თუ კონკრეტულად რა ფორმით გაიმართება თანამშრომლობა ეს საქართველოს დელეგაციის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ანუ მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.