პოლიტიკური სიბრიყვეა ის მოსაზრება, თითქოს 26 მაისის აქციის დაშლაზე პრეზიდენტის განცხადება აშშ-სთან ურთიერთობას გააფუჭებს - ამის შესახებ განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააკეთა.
"სიმართლე გითხრათ, საერთოდ ქართულ პოლიტიკაში არ არის იშვიათი პოლიტიკური სიბრიყვის მოსმენა, არჩევნების შემდეგ ეს დოზა გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც კიდევ ერთ მარგალიტად დარჩება ჩემს წარმოდგენაში. ასეთ აბსურდზე სერიოზული პასუხიც კი მიჭირს. რა თვალსაზრისით შეიძლება, ეს ჩაითვალოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაფუჭებად, საერთოდ არ მესმის. ეს არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ყველასთვის, ვინც ამ ხელისუფლებაში იყო, რომ შსს-მ თავის დროზე და თუ არ ვცდები, არამარტო ამ ოპერაციის დროს, რამდენჯერმე, საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვა, არა საჯარო პროპაგანდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, მოვლინებული ყოფილიყო ექსპერტების გუნდი, რომელიც დააკვირდებოდა საპოლიციო ოპერაციებს, მათ შორის იმიტომაც, რომ მასობრივი არეულობისას გამოცილება ჩვენი პოლიციის, ძალიან მწირი იყო და ჩვენ გვახსოვს სერიოზული შეცდომები დაშვებული 7 ნოემბერს და ამის შემდეგ. ბუნებრივი და ნორმალურია, ასე დროს გინდოდეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და კვალიფიციური ექსპერტების მოწვევა და მათი დასკვნის ნახვა. მერე მოვლენები განვითარდა ისე, რომ ჩემი აზრით, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ყოფილ შს მინისტრს ბრალი წაუყენეს 26 მაისისთვის იმ ფონზე, როდესაც ყველამ იცის, რამ გამოიწვია 26 მაისი ტრაგიკული ინციდენტი, ვინ იყო მოსურნე და ვინ იღწვოდა ძალადობრივი ინციდენტისთვის, ვგულისხმობ ბურჯანაძეს და ამ ტიპის პრორუსულ ძალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ძალადობა შემდგარიყო და შემდეგ მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, რომ დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, როგორ იყო დაგეგმილი ოპერაცია, მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა სასამართლო პროცესითვის, საზოგადოებრივი განსჯისთვისაც. საერთოდ ვერ ვხვდები აქ აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესება რა შუაშია", - აცხადებს ბოკერია.