საქართველოს ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტს ირაკლი მანაგაძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. "19 ივნისს შევიტყვე, რომ არც მე და არც ჩემი ქალიშვილი საქართველოს მოქალაქეები აღარ ვართ, მიზეზად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა სახელდება." - აცხადებს ირაკლი მანაგაძე.
მისივე თქმით, თავადაც და მისი ქალიშვილიც, ბრიტანეთის მოქალაქეები 2011 წლიდან არიან. "არასდროს დამიმალავს, რომ საქართველო პრინციპული მოსაზრებების გამო დავტოვე და ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი იქნებოდნენ ხელისუფლებაში, არ მქონია დაბრუნების სურვილი. ხელისუფლებისაგან წყალგამყოფად ჩემთვის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი და 2007 წლის 7 ნოემბერი იყო. დიდ ბრიტანეთში ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ,, ბრიტანული კანონმდებლობის შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივიღე ამ ქვეყნის მოქალაქეობა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული კანონმდებლობა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას იძლევა", - განაცხადა ირაკლი მანაგაძემ.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის მიერ მიღებულ კანონში არის აბსურდული პუნქტი - საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, უარი უნდა განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე . "საკმაოდ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როდესაც ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებაზე იყოს ორიენტირებული, მათ მოქალაქეობას ართმევს.ჩემთვის, როგორც ქართველი რეჟისორების - შოთა და ნოდარ მანაგაძეების შვილისა და შვილიშვილისათვის, ხელისუფლების ამდაგვარი დამოკიდებულება საკმაოდ მტკივნეულია. ( შოთა და ნოდარ მანაგაძეებმა ქვეყანას ისეთი ფილმები დაუტოვეს, როგორიცაა - "საბუდარელი ჭაბუკი", "ხევსურული ბალადა", "წუთისოფელი", "ამაღლება"). ჩემთვის გაუგებარია, ხელისულებამ ეხლა რატომ აამოქმედა ეს კანონი - აცხადებს მანაგაძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე.