23 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმე" პრეზენტაციას, რომელიც ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
„მოხარული ვარ, რომ სწორედ უნივერსიტეტში ხდება ახალი ჟურნალის პრეზენტაცია. სასიამოვნოა, რომ ქართული ეკონომიკური, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალების მწირ ჩამონათვალს სოლიდური გამოცემა დაემატა. მიხარია, რომ ქართული თანამედროვე ეკონომიკური თეორიის გრანდები მოღვაწეობენ ამ ჟურნალში. მინდა წარმატება ვუსურვო გამოცემას. თვალი გადავავლე საკმაოდ საინტერესო სტატიებს, როგორც ინფორმაციული, ისე ანალიტიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით. გაძლევთ პირობას, რომ ფინანსთა სამინისტროც, ასევე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის სრული პროფესორიც გახლავართ, აქტიურად ვითანამშრომლებთ ჟურნალთან," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრეზენტაციის გახსნისას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, პერიოდული გამოცემის აღდგენის იდეა ქვეყანაში ეკონომიკური განათლების ამაღლების აუცილებლობამ განაპირობა. „ჟურნალში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა პროფესიონალური პოზიცია ღიად დააფიქსიროს და გაიმართოს ფართო მსჯელობა ეკონომიკაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე," - განაცხადა მან.
შეხვედრას საბანკო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკური ექსპერტები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე" ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ. ჟურნალის მთავარი რედაქტორი გიორგი ბაქრაძეა. გამოცემის ელექტრონულად ნახვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ ბლოგის მეშვეობით, სადაც თემით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და კონკრეტული თემის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები