თურქეთმა საქართველოსთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სატრანზიტო მოსაკრებლების გადახდა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ შეტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოდან 22 ივლიის მიიღო.
შეტყობინების მიხედვით, თურქეთმა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტად გამავალ "დროებით სანომრე ნიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის" სატრანსპორტო საშუალებებზე საქართველოსთვის 2013 წლის 1-ლი ივლისიდან დაწესებული გადასახადის(600 ევრო ცარიელი, 1200 ევრო დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარება) თაობაზე, საკითხის სესწავლა დაიწყო.
საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, თურქული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ სამუშაოების დასრულებამდე ხსენებული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში არ იქნება მოთხოვნილი სატრანზიტო მოსაკრებლები.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, გადასახადის კვლავ გადავადების თაობაზე, რომელიც 2013 წლის 1 ივლისამდე გადავადებული იყო მხოლოდ საქართველოსთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირადად სთხოვა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, რომელმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ დროებით კვლავ გადაევადებინათ გადასახადის გადახდა.
"რა ვადით არის გადავადება განხორციელებული, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კვლავ აქტიურად თანამშრომლობს თურქულ მხარესთან და თარიღის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, საბოლოო გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას", - განმარტავენ სამინისტროში.