ზღვის საკურორტო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, 16 ივლისიდან სანაპირო ზოლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მორიგეობა დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილება აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა და უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა მიიღო.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დემეტრე თავადებულის ქუჩის დასწყისში, სამაშველო სამსახურის მედპუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში ზღვისპირა პარკის დამსვენებლებს პირველად დახმარებას ყოველდღიუარდ 09:00 საათიდან 22:00 საათამდე გაუწევს.
სადღეღამისო მორიგეობა დაწესდება გონიოში, აქ არსებული ბრიგადა გონიოსთან ერთად სარფისა და კვარიათის დამსვენებლებს მოემსახურება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მუშაობას ქობულეთის ზღვისპირა ზოლშიც დაიწყებს.
აღნიშნული მომსახურება ზღვის საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.