ერთი თვის მანძილზე, ქართული ავიასივრცე ორჯერ საშინელ კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა, აღნიშნულის შესახებ განცხადება გაზეთ „პრაიმ ტაიმთან" საუბრისას ავიაკომპანია "Georgia Airways"-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა გააკეთა. როგორც გაიაშვილი გამოცემასთან საუბრისას განმარტავს, ორი ლაინერი ერთსა და იმავე წერტილში მოძრაობდა. რომ არა შესაბამისი ტექნიკა, რომლითაც თვითმფრინავებია აღჭურვილი, „პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ ნაქები ქართველი ავიადისპეჩერების იმედზე კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა".
„ავტომატური სისტემა რომ არ ჩართულიყო და პილოტებს საფრთხის შესახებ არ ჰქონოდათ ინფორმაცია, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა?!..
პირველ რიგში, ეს არის არაკვალიფიციური კადრების ბრალი, ამიტომაც მივმართავ ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ამ სფეროს მიმართ. რადგან აქ ნებისმიერი გადაცდომა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბედისწეროა. ავიადისპეჩერების საკითხი ერთი თემაა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მდგომარეობაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების მხრივ. ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა ყოველდღიური კატასტროფის რეალურ საფრთხეს ქმნის"- განმარტავს გაიაშვილი.
მისივე განმარტებით, აეროპორტის ასაფრენი ზოლი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
„ეს ასაფრენი ზოლი თავიდანვე 150 ტონის თვითმფრინავების აფრენა დაჯდომისთვის იყო დაგებული და უკვე 9 წელია, რაც ეს მაჩვენებელი 200-დან 500 ტონამდე გაიზარდა. ამის შედეგად დაძრულია ე.წ. ბეტონის პლიტები და ყველა მგზავრი გრძნობს აფრენის ან დაფრენის დროს რა ხდება თბილისის აეროპორტის ზოლზე. ეს იმიტომ, რომ არავის არ სურს წესები დაიცვას. ამ პრობლემის შესახებ მე შარშან აგვიოსტოშიც აქტიურად ვსაუბრობდი. ის საფრენი ზოლები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გაკეთდა ბათუმსა და ქუთაისში, არაპერსპექტიულია და ეს არის წყალში გადაყრილი ფული. რადგან ბათუმში მხოლოდ ერთი მიმართულებით შეუძლია თვითმფრინავს ფრენა და ჩრდილოეთის ქარის შემთხვევაში მოძრაობა უნდა შეჩერდეს. ამიტომ, სამწუხაროდ, უსაფრთხოდ ვერც ბათუმის აეროპორტებს მოვიაზრებ. ჩვენ ვამბობთ, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს და ასაფრენი მასის დროებით შეზღუდვა დაწესდეს, 80 ტონამდე, მანამ სანამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი არ გარემონტდება და, რაც მთავარია, ღამის ფრენები სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, რადგან ამ შემთხვევაში უფრო მეტად იზრდება რისკ-ფაქტორი საავიაციო უსაფრთხოების კუთხით. რადგან, სერიოზული პრობლემის შემთხვევაში თვითმფრინავები უსაფრთხოდ ვერ გაჩერდება. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გეოგრაფიული მდებარეობითაც არაპერსპექტიულია, იმიტომ რომ ასაფრენ და დასაფრენ ზოლს ორივე მხარეს ლოჭინის და ორხევის ხევი ესაზღვრება. ამიტომაც ხელისუფლება დროულად უნდა შეუდგეს ამ პრობლემის მოგვარებას. ცა, ქვეყნისთვის სერიოზული აქტივია და მას სერიოზული გამოყენება სჭირდება. ჩვენ კარგა ხანია სწორად ვერ ვიყენებთ ამ აქტივს. შემოსავალი, რაც ცას მოაქვს, პრაქტიკულად ნავიგაციიდან იყო შემოსული და ამას, წინა ხელისუფლების პირობებში, რამდენიმე ადამიანი ინაწილებდა. ამიტომაც იყო თავიდან ბოლომდე უყურადღებოდ დარჩენილი ეს სფერო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მე, როგორც ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, კიდევ ცოტახანს შევხედავ ამ მდგომარეობას და თუ ასე გაგრძელდა, თბილისის აეროპორტიდან ფრენებს შევაჩერებ"- განმარტავს "Georgia Airways"-ის ხელმძღვანელი.
თუ კი სიტუაცია არ გამოსწორდება "Georgia Airways"-ის ხელმძვანელი არ გამორიცხავს, რომ კომპანიამ ფრენები შეაჩეროს.
„შესაძლოა, რომ ფრენები შევწყვიტოთ, რადგან ჩვენ ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა ხანს კიდევ შევხედავთ და თუ ასე გაგრძელდა ფრენებს შევაჩერებთ. შექმნილ მდგომარეობაში, რაც ხდება, არ ვაპირებ უბედურების მომსწრე გავხდე. ჩემი კომპანია ამას არ დაუშვებს. ამიტომაც, მივმართავ კიდევ ერთხელ ყველას, სანამ უკიდურესი ზომების მიღება მოგვიწევს, აუცილებლად გაითვალისწინონ ყველა ნორმა. ხელისუფლებამ ამ სფეროში ცვლილებები უნდა განახორციელოს. გეტყვით, რომ არჩევნების შემდეგ ავიაციაში მარტო ორი ადამიანი შეცვალეს, ეს იყო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი დავითიძე და გოგორიშვილი. გათავისუფლებიდან ცოტა ხანში დავითიძემ, ახალი ხელისუფლების პირობებში, კიდევ უფრო დიდ პოსტს გამოჰკრა ხელი, დააწინაურეს და ევროკონტროლში საქართველოს წარმომადგენლად დანიშნეს. არადა, ეს არის კაცი, რომელსაც არავითარი საავიაციო განათლება არა აქვს და გიორგი კარბელაშვილის მიერ ქუჩიდან არის მოყვანილი. ალბათ, ხელისუფლება ძველი კადრების გარკვეული პერიოდით შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ ეს ხალხი საბოტაჟს უწყობს მათ და ამის შესახებ უნდა გაიგონ. სიტუაცია ჩიხში ჰყავთ შეყვანილი. დღეს, ძალიან ბევრი ბიზნესმენია უკმაყოფილო სხვადასხვა კუთხით და ისინი გამოსავალს ვერ პოულობენ, რადგან ეფექტურად არ ხდება სახელმწიფოში რეგულირება. ეკონომიკის სამინისტროში მინისტრი და მისი მოადგილე ისე არიან გადატვირთული, ღამის პირველ საათზეც რომ მიხვიდეთ, შეიძლება სამსახურში დაგხვდნენ. რადგან ამ ხალხს, წინა ხელისუფლების მხრიდან, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ. ფაქტია, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ გამოჩნდებიან ხოლმე მედროვე ადამიანები და ამ ხალხს რეგულარულად აწუხებენ. ამიტომაც ძალიან ეფექტური ზომები უნდა გატარდეს და ახალმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ვის ესაუბრება. ეკონომიკის სამინისტროშიც რეალურად შეცვლილია მინისტრი და მისი მოადგილე, დანარჩენები კი ისევ ისინი არიან და კვლავ იგივე პრობლემების წინაშე ამყოფებენ საზოგადოებას"- აცხადებს „პრაიმ ტაიმთან" საუბრისას გაიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები