ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: პრემიერ-მინისტრისითვის, ალბათ, პრინციპული არ იქნება, არჩევნებში მაინც და მაინც კოალიციის კანდიდატი გაიყვანოს

რესპოდენტის შესახებ

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ, ვითარებაზე, კოალიცია ,,ქართული ოცნების" ტაქტიკაზე, მათ შეცდომებზე და წინასაპრეზიდენტო მდგომარეობაზე, ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად მძიმე ბრძოლა მოუწევს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც და მაინც კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვოს.

- ბატონო რამაზ, როგორ შეფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, გაამართლა ,,ქართულმა ოცნებამ" ხალხის მოლოდინი?

_ ხალხის მოლოდინი ჯერ ბოლომე შესრულებული არ არის, რადგან ის უფრო მეტს დროს მოითხოვს. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით ხალხის მოლოდინი გამართლდა, რადგან შიში, მუქარა არა მხოლოდ საზოგადოებაში მოიხსნა, არამედ თანამდებობის პირებს აღარ ეშინიათ ზემდგომების, მეტი თავისუფლების ხარისხია და გარკვეული პროცესი სამართლიანობის აღსადგენად დაწყებულია.

_ თქვენ, პირადად, მოგწონთ ის ტაქტიკა რითიც კოალიცია ,,ქართული ოცნება" მოქმედებს?

_ არა, შენიშვნები მაქვს. მაგალითად, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" პარალელს თუ გავავლებთ მათ უფრო შიდა ორგანიზებულობა ჰქონდათ და დღესაც აქვთ, ვიდრე კოალიციას. თუმცა ამ შენიშვნას ერთი კონტრარგუმენტიც ახლავს, ჰქონდათ შიდა ორგანიზებულობა, მაგრამ უფრო მეტი ავტორიტარობა იყო. ამიტომ თუ ნაკლები ავტორიტარობა გვინდა, პარტიის შიგნით შიდაორგანიზებულობა ნაკლები იქნება. თუმცა მგონია, რომ ოქროს შუალედის მოძებნა მაინც შესაძლებელია. ასევე მიმაჩნია, რომ ყველა რესურსი, რომელიც საქართველოში შეიძლება გამოიყენო, ჯერჯერობით, გამოუყენებელია.

_ რას ფიქრობთ, ე.წ. კოჰაბიტაციაზე, მეტისმეტად კოჰაბიტირებული ხელისუფლება და ოპოზიცია ხომ არ გვყავს, ვგულისხმობ, თუნდაც ურეკის რეზიდენციაში მიღწეულ შედეგებს?

_ ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც დიდი კოჰაბიტაცია ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ,,ქართულ ოცნებას" შორის არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს კოჰაბიტაციის რეჟიმი გარკვეული პერიოდის განმავლობაშია აქტუალური. იგივე შტეფან ფულემ დაადასტურა, რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება და პროცესები დემოკრატიულად მიდის. ასე რომ, დასავლეთისთვისაც კოჰაბიტაციის მოთხოვნა, მგონია, აქტუალობას კარგავს და დროთა განმავლობაში უფრო დაკარგავს.

_ რატომ, რა არის ამის მიზეზი?

_ ვარაუდობ, რომ დასავლეთმა გაანალიზა, რომ კოჰაბიტაციის პროცესს ფარად იყენებდნენ ის ადამიანები ვისაც დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ითქვა, რომ სამართალი უნდა აღსრულდეს, რაც პირდაპირ ,,ნაციონალური მოძრაობის"' საყურადღებოდ გაჟღერდა.

_ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ფიქრობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი მართლაც უალტერნატივოა და მას გამარჯვება გარანტირებული აქვს?

_ დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სწორია. თუმცა მეორე მხრივ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ ყველანაირი ბრძოლა, მათ შორის პოლიტიკური, გულისხმობს საკუთრ ძალებსა და გამარჯვებაში თავდაჯერებულობის ჩვენებას, ვიდრე რეალობაა. ამიტომ პოლიტიკურ ჯგუფს შესაბამისი შემართება, უნდა ჰქონდეს.

_ საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ვინ მიგაჩნიათ, გიორგი მარგველაშვილის მთავარ კონკურენტად?

_ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკმაოდ სერიოზული კონკურენტები არიან თავმოყრილი და მარგველაშვილს გამარჯვებისთვის მძიმე ბრძოლა მოუწევს. თუმცა მარგველაშვილის სერიოზულ კონკურენტად, კვლევით ორგანიზაციების შედეგებსაც თუ დავეყრდნობით ბურჯანაძე იკვეთება.

_ არსებობს შესაძლებლობა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ვიხილოთ?

_ წინა საპრეზიდენტო კამპანია არც მარგველაშვილს დაუწყია და არც ბურჯანაძეს, ასე რომ, საარჩევნო კამპანიას როგორი სტრატეგიით გაშლის ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანი იქნება. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ საკითხებზე ნინო ბურჯანაძემ თავისი პოზიცია მარგველაშვილის მსგავსად გამოთქვა, რომელიც საკმაოდ კარგადაა შერჩეული. ამ კუთხით მარგველაშვილს დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატად კონკრეტულმა პარტიამ წარმოადგინა და შესაბამისად მათი პოზიციებიც უნდა გაიზიაროს. ამ მხრივ ნინო ბურჯანაძეს უფრო მეტი თავისუფლება აქვს. მას შეუძლია მისთვის მომგებიანი პოზიცია დაიკავოს. მისი მხრიდან პრინციპში გამოიკვეთა კონტურები. ეს არის დასავლეთთან ურთიერთობა, რომ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" და ა.შ.

_ არსებობს ალბათობა, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი დამარცხდეს და ნინო ბურჯანაძემ გაიმარჯვოს?

_ ალბათობის თეორიაც სწორედ ამიტომ ჰქვია, რომ რაღაც შეიძლება მოულოდნელად მოხდეს.

_ საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, რადგან ეს იქნება მორიგი ტესტი საქართველოსთვის. როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა წარმატებით ჩააბარებს ამ გამოცდას?

_ საქართველოს ამ ტესტის ჩაბარებას შეეცდება და აუცილებლად ჩააბარებს. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ ჩანს მოტივაცია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის კი არა საერთოდ პოლიტიკიდან გარბის და აკავებენ. პრემიერ-მინისტრისითვის, ალბათ, პრინციპული არ იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც და მაინც კოალიციის კანდიდატი გაიყვანოს. კოალიცია ,,ქართული ოცნებისთვის" უფრო მძიმე სურათი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებზე ისაუბრებენ, ვიდრე თუ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატი გამარჯვებს.

_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მოსალოდნელია ვიხილოთ პოლიტიკური ქაოსი?

_ მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის პრემიერ-მინისტრის პოზიცია პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, რადგან ეს მისთვის თვითმიზანი არ ყოფილა და ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვა აიძულა იმ რეჟიმმა, რომელიც მას საქართველოში დაბლოკავდა, ასევე ვხედავ ყველა იმ სიმძიმეს რასაც საკუთრა თავზე იღებს, მაინც მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვა მისი პოლიტიკაში მოსვლის პოზიტივს გადაფარავს.

,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .