„ დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ", - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა.
ივანიაძის თქმით, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.
ივანიაძემ განმარტა, რომ ის პირველ მაისს დააკავეს. ე.წ. მოდულის შენობაში შეყვანისას ოფიციალურად არ გაუფორმებიათ და როგორც უცხოელი ისე წარადგინეს, ოთხი საათის განმავლობაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ადვოკატის ნახვის საშუალება არ მისცეს.
"მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც რა უნდოდა შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში. პერიოდულად, ვიღაც პიროვნება, რბილი ფორმებით, თითქოს ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რაღაც მეთქვა. ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.
ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენებას მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ, რაც სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა.
ივანაძის განცხადებით, ჩვენება არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი და როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართება, აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის.