2014 წლის იანვრიდან გოდერძის უღელტეხილზე ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი ტურისტების მიღებას შეძლებს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, კურორტის მშენებლობისთვის 2013 წლის ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარამდე დაიხარჯება და მისი მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
„2013 წელს გოდერძის უღელტეხილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 9 მლნ ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ახალი კურორტი ტურისტების მიღებას უკვე 2014 წლის იანვრიდან შეძლებს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლიდან მაღალმთიან აჭარაში გვექნება არანაკლები კურორტი, როგორიც ვთქვათ გუდაურში გვაქვს"- აღნიშნა გიორგი სიგუამ.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ დროისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს " Goderdzi Resorts"-ი, ავსტრიული კომპანია DOPPELMAYR-ის სპეციალისტებთან ერთად მეორე საბაგირო გზის მშენებლობაზე მუშაობს. ორივე საბაგირო გზის სიგრძე 2-2 კილომეტრი იქნება. ამ დროისათვის საკურორტო ზონაში, სათხილამურო ტრასებისა და წყალ-საკანალიზაციო სისტემის გაყვანა წარმოებს. სახელმწიფოს დაფინანსებით, კურორტზე 4 კოტეჯი აშენდება, რომელებიც საერთო ჯამში 48 ტურისტს დაიტევს (თითო კოტეჯში 12 ტურისტის განთავსება იქნება შესაძლებელი). თუმცა კურორტზე ინვესტორების მოსაზიდად და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავრობა ადგილობრივ თუ უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს ინტენსიურად აწარმოებს. კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აღნიშნულ საბაგიროებთან ერთად დაგეგმილია სასტუმროების, კოტეჯების, რესტორნების, კაფეების და სხვა ტურისტული, რეკრეაციული და სპორტული ობიექტების განვითარება. შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას დამსვენებლის კომფორტი და გაიზარდოს რეგიონის მიმზიდველობა როგორც საერთაშორისო ტურისტებისათვის ისე ადგილობრივი დამსვენებლებისათვის. რეგიონის უნიკალური კლიმატური და ბუნებრივი პირობები, აგრეთვე სიახლოვე აჭარის სხვა ზღვისპირა ტურისტულ ცენტრებთან, ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებას და მის ფუნქციონირებას არა მხოლოდ ზამთრის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. 2011 წელს შედგა კურორტის საპროექტო სამუშაოები და უშუალოდ მშენებლობა კი - 2012 წელს დაიწყო. 2011 წელს სამთო-სათხილამურო კურორტის საპროექტო სამუშაოებისთვის მთავრობამ 0,5 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2012 წლის განმავლობაში კურორტის მშენებლობაში 13 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. ხოლო რაც შეეხება საბაგირო დანადგარებს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ამისათვის ავსტრიული ბანკიდან UniCredit Bank Austria AG მთავრობამ 10 მლნ 930 ათასი ევროს ოდენობის შეღავათიანი (უპროცენტო )ფინანსური რესურსი მოიზიდა.
ზამთრის კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2350 მეტრს აღწევს. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ტურისტებისთვის აჭარაში არანაკლებ მიმზიდველი ადგილი უკვე გახდა ქედლები და გომარდული.