ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ტურისტული პოტენციალის შესწავლისა და მიმდინარე ტურისტული სეზონის გაცნობის მიზნით შატილი მოინახულა. როგორც გიორგი სიგუა განმარტავს, აღნიშნული რეგიონი ძალიან საინტერესო სამოგზაურო მიმართულება გახდა როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტებისათვის.
„ტურისტების რიცხვი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დეფიციტი შეიქმნა როგორც განთავსების საშუალების, ისე კვების ობიექტის. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ოჯახმა მიმდინარე სეზონზე 400 სტუმარი, თხუთმეტი 20 კაციანი ჯგუფი მიიღო, ძირითადად ისრაელიდან. საოჯახო სასტუმროების მფლობელების ინფორმაციით სტუმრების 60-70% უცხოელია. ადგილობრივი ტურისტები კი ღამის გასათევად ძირითადად კარვებს იყენებენ"- აღნიშნა სიგუამ.
მისივე თქმით, შატილში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ამ მიმართულებით USAID-ის ეგიდით განხორციელდა რამდენიმე პროექტი, მათ შორის: „ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით" და „ენერგოეფექტური საპილოტე პროექტის განხორციელება ახალი თაობის თბური ტუმბოს გამოყენებით" პირველად საქართველოში. ასევე ამუშავდა მცირე ჰესი, რომელიც დაეხმარება შატილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას"- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
შატილის სკოლა-ინტერნატის შენობას ზაფხულის განმავლობაში შესაძლებლობა მიეცემა გახდეს დამატებითი სერვისის მიმწოდებელი ვინაიდან სწავლა ზაფხულში შეწყვეტილია. ასევე დონორი ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსდა ტრენინგი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეთათვის _ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს შატილის ტურიზმის მარკეტინგული განვითარების გეგმის შექმნაზე.